Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია მოსამართლე ალანიას: ჭაობში რომ იძირები, არ უნდა იფართხალო


პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია
პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია

„როცა ადამიანს არ შეუძლია თქვას, რომ ეთიკის კოდექსის დარღვევა და მოსამართლეებისთვის შეუფერებელია პოლიტიკურ დებატებში ოპონენტის გამოწვევა, იმიტომ, რომ ეს კონკრეტულ ადამიანს ეხება, და ამ აბსურდის მოსმენის შემდეგ, რომ თურმე, ოკუპაციაზე ლაპარაკი არ შეუძლია მოსამართლეს, მაგრამ მურუსიძის ქება შეუძლია, ყველას მოგიწოდებთ, რომ გადაწყვიტოთ საკითხები თქვენი პოლიტიკური სინდისის მიხედვით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე.

გოგა ბოკერიას მოწოდების საფუძველი იყო მის მიერ დასმულ შეკითხვებზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანიას პასუხები.

პირველი, რაც ბოკერიამ ალანიას ჰკითხა, ის იყო, ჰყავთ თუ არა ლიდერები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის ან საფრანგეთის სასამართლოებს, რაზეც პასუხად მიიღო, რომ „ალბათ, ნებისმიერი აქტიური მოსამართლე“.

ბოკერია: და საქართველოს სასამართლოს ლიდერი ვინ არის?

ალანია: თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ ჰყავს? მე ვიცი, რომ ჰყავს აქტივისტები.

გოგა ბოკერიამ თამარ ალანიას მიმართა, რომელიმე გვარი დაესახელებინა, უარის შემდეგ კი განაცხადა: „შეგიცვლიათ პოზიცია იმიტომ, რომ აქ მაქვს თქვენი კომენტარი, სადაც თქვით, რომ ბატონი მურუსიძეა ლიდერი, გამორჩეული. ეხლა აღარ თვლით ასე?“

საპასუხოდ, თამარ ალანიამ განმარტა: „ეს არის ამონარიდი იმ პასუხისა, რომელიც მომდინარეობდა ლიდერიდან - ის თვლის, რომ ლიდერია და თქვენც თუ თვლით, რომ ლიდერიაო. ამაზე პასუხი მარტივია, თუ თვლის ის ადამიანი თავს ლიდერად, მე ამ ლიდერს განვმარტავ როგორც სასამართლოს აქტივისტი“.

გიგა ბოკერიამ თამარ ალანიას ჰკითხა პოლიტიკურ საქმიანობაში მოსამართლის მონაწილეობის კანონით დადგენილ შეზღუდვებსა და ეთიკის წესებზეც, რომლებიც მოსამართლეს არ აძლევს რომელიმე პოლიტიკოსის მხარდასაჭერად ან წინააღმდეგ საჯარო გამოსვლის შესაძლებლობას.

„თუ გაირკვევა, რომ რომელიმე მოსამართლე საარჩევნო კამპანიის დროს კანდიდატს იწვევს დებატებში და შემდეგ მისი ოპონენტების გზავნილებით ესხმის მას თავს, ეს არის თუ არა უხეში დარღვევა კანონის?“ - იკითხა გიგა ბოკერიამ. თამარ ალანიამ უპასუხა, რომ მას კონკრეტული მაგალითი მოჰყავს, თუმცა, ბოკერიას შეკითხვას, ვინ გაახსენდა, უპასუხა: „არავინ არ გამახსენდა. თქვენი აზროვნების თანმიმდევრობას გავყევი და მივხვდი, რას გულისხმობთ ამაში“.

გიგა ბოკერიამ თამარ ალანიას რამდენჯერმე გაუმეორა, თუ ვინ გაახსენდა და საბოლოოდ მიიღო პასუხი, რომ არავინ.

„მე ამის არ მჯერა. მე გაგახსენებთ მაშინ - ბატონმა მურუსიძემ ბატონი შალვა შავგულიძე, ადვოკატი, გამოიწვია დებატებში საარჩევნო კამპანიის დროს. შემდეგ დაესხა მას თავს იმ არგუმენტების და მათ შორის ცილისმწამებლური ფაქტების გამოყენებით, როგორც ამას აკეთებდა „ქართული ოცნება“, - მიმართა გიგა ბოკერიამ თამარ ალანიას და დაინტერესდა, ეს მიაჩნია მძიმე ან საშუალო დარღვევად, თუ კარგ საქციელად, ან არაფრად.

„ეთიკის ნორმები ჩემ კოლეგებთან დაკავშირებით რაიმეს განმარტების გაკეთებისაგან მზღუდავს. ამიტომ, მე ვერ ვისაუბრებ ამაზე“, - განაცხადა თამარ ალანიამ.

მისი პასუხიდან გამომდინარე, გიგა ბოკერია დაინტერესდა, თუკი თავად ეთიკის ნორმებს იზიარებს, რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ეთიკის ნორმები არსებობს, მაგრამ არა მურუსიძისთვის?

„კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით იყო საუბარი. ის, ემთხვეოდა თუ არა დებატებს და იმ ადამიანის პოლიტიკურ ხედვებს, რომელიც ადრე იყო ადვოკატი და მერე გახდა პოლიტიკოსი, ეს სხვა რამეა. ადვოკატი, რომელიც თქვენ საწინააღმდეგო პოზიციებს საუბრობდა და დღეს არის თქვენი პოლიტიკური პარტიის მოსაზრებებზე...“ - განაცხადა თამარ ალანიამ, რასაც მოჰყვა გიგა ბოკერიას რეპლიკა: „ჭაობში როცა იძირები, არ უნდა იფართხალო, თორემ უფრო სწრაფად ჩაიძირებიო. ესე გამოგდით თქვენ“.

თავის მხრივ, თამარ ალანიამ გიგა ბოკერიას უთხრა, რომ მისი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია.

ბოკერიამ ალანიას გაახსენა მისი განცხადებაც, რომ თუ მოსამართლე საჯაროდ დააფიქსირებს პოზიციას, რომ, ზოგადად, ოკუპაცია ან მტრების ჯაშუშური საქმიანობა მიუღებელია და თუ იტყვის, რომ „არა ოკუპაციას“, ეს ეთიკის პრობლემაა.

„თუ ეს ასე აღქმული იქნა, ძალიან არასწორია. მე ეს არ მითქვამს. რუსეთი ოკუპანტია თქვა კანონმა, მაგრამ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს იმის დრო, რომ კანონის ყველა ნორმა წეროს სოციალურ ქსელში“, - განაცხადა ალანიამ. გიგა ბოკერიას შეკითხვას, რუსეთი ოკუპანტია? მოსამართლემ უპასუხა: ცხადია. ეს თქვა კანონმა.

ბოკერია: კანონი რა შუაშია, გეკითხებით, რუსეთი ოკუპანტია?

ალანია: რა თქმა უნდა, ოკუპანტია.

„ეთიკის დარღვევად არ ჩაუთვალეთ მურუსიძეს ის, რომ პოლიტიკური კამპანიის დროს ოპონენტი გამოიწვია. „არა ოკუპაციას“ ეთიკის დარღვევაა და ოპონენტის გამოწვევა არ არის ეთიკის დარღვევა?!“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომელმაც თამარ ალანიას პასუხებს შოკისმომგვრელი უწოდა.

23 სექტემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თამარ ალანიას მოსმენით დაიწყო იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა. პარლამენტში სულ 20 კანდიდატია წარდგენილი.

XS
SM
MD
LG