Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ი ქვეყნის, ხელისუფლებისა თუ ივანიშვილის სამსახურში?


ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

რას უნდა ნიშნავდეს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის, ვახტანგ გომელაურის, გადაყვანა? თუ გომელაურის სამსახურებრივ ბიოგრაფიას გადავავლებთ თვალს, იოლად დავრწმუნდებით, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ერთგული და გამოცდილი კადრია. მეტიც, 45 წლის გომელაურს დაახლოებით 17 წელი აქვს გატარებული ბიძინა ივანიშვილის ჯერ როგორც ბიზნესმენის (პირადი დაცვის უფროსი), შემდეგ კი როგორც პოლიტიკოსის (შს მინისტრი, სუს-ის უფროსი) სამსახურში.

სუს-ი, არსებული სახით, 2015 წლის 1 აგვისტოს შეიქმნა. ვახტანგ გომელაური მისი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი უფროსია. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ვახტანგ გომელაური ეფექტიანად უძღვებოდა უსაფრთხოების სამსახურს და ადეკვატურად უპასუხებდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშივლის თქმით, ვახტანგ გომელაურის გამოცდილება და პროფესიონალიზმი დიდად წაადგება შს სამინისტროსა და ქვეყანას.

სუს-ის ფუნქციაც ესაა: შიშში ამყოფოს ის სოციალური ჯგუფები, რომლებიც მეტ-ნაკლებად კმაყოფილი არიან ხელისუფლებისა, ანუ ის ჩინოვნიკობა, რომელიც კორუფციაშია გახვეული.
გედევან ფოფხაძე


„ვახტანგ გომელაურთან, ისევე როგორც ირაკლი ღარიბაშვილსა და ლევან იზორიასთან, მაკავშირებს მრავლწლიანი პარტიული და პროფესიული ურთიერთობა. ერთად წამოგვიწყია და წარმატებით დაგვისრულებია არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა“, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

ნებადართული კორუფცია

უსაფრთხოების სამსახური სულ 13 სტრუქტურული ერთეულისგან შედგება. ერთ-ერთი ერთეული „ანტიკორუფციული სააგენტოა“. როგორც „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე ამბობს, უსაფრთხოების სამსახური კორუფციის წინააღმდეგაც კი შერჩევით, მმართველი პარტიის გაძლიერების მიზნით, იბრძვის.

გედევან ფოფხაძე
გედევან ფოფხაძე

„ბევრ სახელმწიფო მოხელეს სამინისტროებსა და მუნიციპალიტეტებში მისცეს ლეგალურად კორუფციის უფლება. ყველამ იცის, რომ იპარავენ, მაგრამ ანთებული აქვთ მწვანე შუქი. ყველა მათგანს ადევნებენ თვალყურს. კორუმპირებული ადამიანები იოლი გასაკონტროლებელია. სუს-ის ფუნქციაც ესაა: შიშში ამყოფოს ის სოციალური ჯგუფები, რომლებიც მეტ-ნაკლებად კმაყოფილი არიან ხელისუფლებისა, ანუ ის ჩინოვნიკობა, რომელიც კორუფციაშია გახვეული“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გედევან ფოფხაძემ, რომლის თქმითაც, შს სამინისტროსა და სუს-ს, ამ თვალსაზრისით, ერთი ინსტიტუციური ამოცანა აქვთ და ეს ამოცანა არაა არც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და არც მართლწესრიგის დაცვა.

„ამის გამოა, რომ კორუფციასაც შერჩევით, პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით ებრძვიან. ასე რომ, აწყობთ ლეგალური კორუფცია, რომელსაც შსს და სუს-ი მართავენ“, - ამბობს დეპუტატი.

ერთგულება და ბალანსი

ვახტანგ გომელაურის, როგორც სუს-ის უფროსის, პროფესიონალიზმზე საუბარი უადგილოდ მიაჩნიათ ოპოზიციის წარმომადგენლებს. რომან გოცირიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის გადამწყვეტია პირადი ერთგულება და არა პროფესიული უნარ-ჩვევები.

რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

„სხვა რომელია პროფესიონალი? უსიტყვო, უკიდურესი მორჩილება და ღირსების არქონა - ეს არის მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი. ყველა ძალოვანი უწყების, მათ შორის სუს-ის, ხელმძღვანელი იყო და არის ადამიანი, ვინც ემსახურება ბიძინა ივანიშვილს. თანამდებობებზე ინიშნებიან ივანიშვილის დაცვის უფროსი, ივანიშვილის ადვოკატი, ივანიშვილის ბანკის თანამშრომელი და ა.შ. ბიძინა ივანიშვილის გუნდში არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი მოსამსახურეები! ვახტანგ გომელაურიც ამ ნიშნითაა შერჩეული: ბიძინა ივანიშვილის ერთგულია, ხელქვეითია, მთელი ცხოვრება ივანიშვილისგან იღებდა ხელფასს“, - უთხრა რომან გოცირიძემ რადიო თავისუფლებას.

არც ერთი საქმე, დაკავშირებული პირადი ცხოვრების ხელყოფასთან, არ გაუხსნია. ეგ კი არა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტიც გადააკეთეს სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტად და კიდევ უფრო მეტად დახურეს.
თამარ კორძაია


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზაალ უდუმაშვილსაც მიაჩნია, რომ ვახტანგ გომელაური ბიძინა ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების სამსახურის უფროსია და მას წლების განმავლობაში აქვს დამტკიცებული თავისი ერთგულება, თუმცა ვახტანგ გომელაურის შს მინისტრად დანიშვნას ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა მიზანი.

„ივანიშვილი ცდილობს ძალთა ბალანსის დამყარებას. გახარიას კი ენდობა, მაგრამ არა იმდენად, რომ მთელი ძალაუფლება მას გადასცეს. გომელაური იცნობს შს სამინისტროს, მინისტრიც იყო და მინისტრის მოადგილეც, ამიტომ იოლად შეძლებს სამინისტროში გახარიას გავლენის შემცირებას და საპირწონის როლის შესრულებას. ასეთი პიროვნება სჭირდება ივანიშვილს შს სამინისტროში, რომ, ერთი მხრივ, მისი ერთგული იყოს და, მეორე მხრივ, გახარიას გავლენა შეამციროს, თუმცა ყველა შემთხვევაში მივიღებთ „სამხრეების მთავრობას“, - უთხრა ზაალ უდუმაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების დევნა

რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია დარწმუნებულია, რომ შს მინისტრად სუს-ის - პოლიტიკური წნეხის განმახორციელებელი უწყების - ხელმძვანელის დანიშვნა იმაზე მიანიშნებს, რომ გაძლიერდება შიდაპოლიტიკური წნეხი როგორც სამოქალაქო სექტორზე, ასევე პოლიტიკურ პარტიებზე.

„არც ერთი საქმე, დაკავშირებული პირადი ცხოვრების ხელყოფასთან, არ გაუხსნია. ეგ კი არა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტიც გადააკეთეს სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტად და კიდევ უფრო მეტად დახურეს. სუს-ის ძირითადი საქმიანობა პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლა და მათ საქმიანობაში ხელის შეშლაა“, - ამბობს თამარ კორძაია.

არ ვიცი, რას მომიტანს გომელაურის შინაგან საქმეთა სამინისტროში გადასვლა. ვეცდები ჩემი ბრძოლა მივიყვანო ბოლომდე.
მალხაზ მაჩალიკაშვილი


სუს-ის ხილულ და უხილავ ხელს გრძნობენ და ამჩნევენ სამოქალაქო აქტივისტები. შოთა დიღმელაშვილის თქმით, თუკი ვინმეს ახლობელი, ნათესავი ან ოჯახის წევრი მუშაობს საჯარო სამსახურში, მათთან, როგორც წესი, მიდიან ვიღაც უცნობი პირები „სასარგებლო რჩევების“ მისაცემად, აგროვებენ მათზე ინფორმაციას და ა.შ.

„დიდი ხანია, მივეჩვიეთ ადევნებებს და მოსმენებს. პროკურატურასაც კი მივმართეთ წერილობით, გვითხარით, ხომ არ გვისმენენ ან გვითვალთვალებენო, მაგრამ კანონი დაარღვიეს და არ გვიპასუხეს. ყოველდღე ვხედავთ ერთსა და იმავე მანქანებს, რომლებიც დაგვყვებიან და არც ცდილობენ, რომ ფარულად გააკეთონ ეს. ცხადია, ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის აკეთებენ ამას. ასევე, თუ ვინმე რამე სიმპათიას გამოავლენს ჩვენს მიმართ, აუცილებლად შეუქმნიან პრობლემებს...“, - უთხრა შოთა დიღმელაშვილმა რადიო თავისუფლებას.

მაჩალიკაშვილი სუს-ის წინააღმდეგ

სუს-ის ხელმძღვანელობასთან თავისი ანგარიში აქვს მალხაზ მაჩალიკაშვილს, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას:

მალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი


„ვიცი, რომ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში უშუალოდ გარეულია სოსო გოგაშვილი, სუსი-ის მაღალჩინოსანი. უშუალოდ ვახტანგ გომელაურს მაჩალიკაშვილის ოჯახში მოწყობილ ტერაქტში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ სამსახურის უფროსი და პასუხისმგებელი პირი ხომ ვახტანგ გომელაურია? მისი ხელქვეითები არიან დამნაშავეები!“

მალხაზ მაჩალიკაშვილი იმასაც ამბობს, რომ მისთვის შს სამინისტროსა და სუს-ს შორის არანაირი განსხვავება არ არის, რადგან ორივე უწყება ებრძვის მას.

„არ ვიცი, რას მომიტანს გომელაურის შინაგან საქმეთა სამინისტროში გადასვლა. ვეცდები ჩემი ბრძოლა მივიყვანო ბოლომდე“, - უთხრა მალხაზ მაჩალიკაშვილმა რადიო თავისუფლებას.

სუს-ის ახალი უფროსის დასანიშნად აუცილებელია მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება, რის შემდეგაც, ერთი თვის ვადაში, პრემიერ-მინისტრი წარუდგენს პარლამენტს სამსახურის უფროსის კანდიდატურას. თავის მხრივ, პარლამენტმა არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს საკითხს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG