მოსკოვის ქუჩებში ხალხმრავალი აქციების ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც საარჩევნო კომისიამ არჩევნებისთვის დარეგისტრირებაზე უარი უთხრა ოპოზიციონერი კანდიდატების მნიშვნელოვან ნაწილს.
დარბევა, ცემა, დაკავება - 27 ივლისს რუსეთის ხელისუფლება სასტიკად დაუპირისპირდა ხალხს, რომელიც ქუჩაში თავისი საარჩევნო უფლებების დასაცავად გამოვიდა. მომდევნო აქცია 3 აგვისტოს გაიმართება.
მიტინგები ოპოზიციონერების დაბლოკვის გამო
მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნები 2019 წლის 8 სექტემბერს უნდა გაიმართოს. მოსკოვის საქალაქო საარჩევნო კომისიამ არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი უთხრა ოპოზიციონერი კანდიდატების მნიშვნელოვან ნაწილს. მოსკოვის ქუჩებში ხალხი ამ უსამართლობის გასაპროტესტებლად გამოვიდა.
დაბლოკილთა შორის არიან:
- „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“დირექტორი - ივან ჟდანოვი,
- „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ იურისტი - ლიუბოვ სობოლი,
- სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატები, მამა-შვილი - გენადი და დმიტრი გუდკოვები,
- „ღია რუსეთის“ ყოფილი ხელმძღვანელი - ალექსანდრ სოლოვიოვი,
- კრასნოსელსკის მუნიციპალური ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი - ილია იაშინი.
რატომ და ვისი ხელდასმით დაიბლოკა ოპოზიცია?
საარჩევნო კომისიამ ოპოზიციონერ კანდიდატებს ხელმომწერთა სიები დაუწუნა და რეგისტრაციაზე უარი სწორედ ამ მოტივით უთხრა. კონკრეტულ მიზეზებად დასახელდა:
- შევსების დროს დაშვებული უზუსტობები;
- შეცდომები ხელმომწერთა საპასპორტო მონაცემებში;
- „მკვდარი სულები“, გვარები ადამიანებისა, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან.
როგორც BBC იტყობინება, კრემლთან დაახლოებული ორი პირისა და „იედინაი როსიას“ ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ოპოზიციონერ კანდიდატთა შტაბებში ჩანერგილი იყვნენ აგენტები, რომლებიც მიზანმიმართულად უშვებდნენ შეცდომებს ხელმომწერთა მონაცემების შევსებისას. თუმცა მერიასთან დაახლოებულმა წყარომ ამ ინფორმაციას „სრული ბოდვა“ უწოდა.
რა მიზნები ამოძრავებს რუსეთის ხელისუფლებას?
როგორც BBC იტყობინება ხელისუფლებასთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ოპოზიციონერი კანდიდატების არჩევნებზე არდაშვების საკითხი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გადაწყდა.
მათი დაბლოკვის განზრახვის საფუძვლებად წყარო ასახელებს ორ ასპექტს:
- 2018 წელს გუბერნატორების არჩევნებზე ოთხ რეგიონში კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების ჩავარდნის მწარე გამოცდილება;
- მოსკოვის საქალაქო დუმაში ოპოზიციონერების გამარჯვება ცუდი მაგალითი იქნება რეგიონებისთვის.
BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს ასევე, რომ კანდიდატების შერჩევის საკითხს მაქსიმალური ყურადღებით მიუდგა როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლება და მალევე გადაწყვიტეს, რომ არ დაუშვან ოპოზიციონერი კანდიდატები რეგისტრაციის ეტაპამდეც კი.
ხელისუფლების ხისტი დარტყმა - დაჭერილები, დაშავებულები
27 ივლისს, მოსკოვში გამართული ხალხმრავალი მიტინგის მონაწილეებს, მშვიდობიან ადამიანებს პოლიცია და რუსეთის გვარდია ქუჩა-ქუჩა დასდევდა და რეზინის ხელკეტებით სცემდა.
გავრცელდა არაერთი ვიდეომასალა, სადაც კარგად ჩანან დაშავებული და დასისხლიანებული ადამიანები. ხელკეტი თავში დაარტყეს მუნიციპალიტეტის დეპუტატს, ალექსანდრა პარუშინას, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა.
მედიის ცნობით:
- სხვადასხვა წყაროს ცნობით, 27 ივლისს დააკავეს 1074-1373 ადამიანი;
- დააკავეს 50-მდე არასრულწლოვანი და 20-მდე ჟურნალისტი;
- დააკავეს არაერთი პოლიტიკოსი, მათ შორის - მოსკოვის დუმის ის ოპოზიციონერი კანდიდატები, რომელთა მხარდასაჭერადაც გამოვიდა ხალხი ქუჩაში;
- 29 ივლისს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მოსკოვის დუმის დეპუტატობის კანდიდატს - ილია იაშინს, არასანქცირებულ მიტინგის ორგანიზებისთვის.
პოლიციამ ადამიანების დაკავება 27 ივლისს დილიდან დაიწყო, მანამდე, ვიდრე მიტინგი დაიწყებოდა.
ადგილობრივი მედია იტყობინებოდა, რომ იჭერდნენ ყველას, ვინც მერიასთან გაივლიდა და ასე დააკავეს, მაგალითად, ქუჩაში დილის გარბენისთვის გამოსული დიზაინერი კონსტანტინ კონოვალოვიც.
დიზაინერი დააკავეს ისე, რომ ფეხიც დაუზიანეს.
რუსეთის პოლიციამ და გვარდიამ ადამიანების დევნა და დაკავება 27 ივლისამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. 20 ივლისის ხალხმრავალი აქციის შემდეგ, რუსეთის მედიის ინფორმაციით, გაჩხრიკეს არაერთი პოლიტიკოსის სახლი და მათ შორის იყო დმიტრი გუდკოვიც.
24 ივლისს 30-დღიანი პატიმრობა მიესაჯა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის. დაკავების მიზეზად იქცა მისი ფეისბუკპოსტი, რომლითაც ის თანამოაზრეებს 27 ივლისის მიტინგში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა.
მომდევნო აქცია 3 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი. ანალიტიკოსები მოელიან, რომ, ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილი ძალადობის ფონზე, მომავალი მიტინგი უფრო ხალხმრავალი იქნება.