18 წლის მაკო გომურმა, რომელსაც 20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლისას ნასროლი რეზინის ტყვია თვალში მოხვდა, საავადმყოფო დატოვა. გოგონას, რომლის თვალის გადარჩენაც ექიმებმა ვერ შეძლეს, საავადმყოფოში გამოწერისას გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ, მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქარი გაუკეთეს.
პატარა წითელი კნუტი, რომელიც მაკოს საავადმყოფოს მიმღებში ელოდებოდა, მისთვის გაკეთებული საჩუქარი აღმოჩნდა. მაკოს დის თქმით, მას დიდი ხანია სურდა კატა ჰყოლოდა.
გამოსვლისას მაკომ მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომლებმაც თვალის გადარჩენა სცადეს.
"ნარკოზიდან რომ გამოვედი უამრავი შეტყობინება დამხდა. მოდი დავიწყოთ მადლობით. მართლა ყველას დიდი მადლობა იმ გვერდში დგომისთვის. რაც ძალა ახლა მე მაქვს, მაქვს იმ ადამიანებისგან. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, მეც არ ვიქნებოდი. ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რაღაცეების მისაღწევად" - თქვა მაკომ საავადმყოფოს დატოვებამდე.
თბილისში საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან ყოველდღიურად იმართება. 20 ივნისს აქციის დაშლისას დაშავდა ასობით ადამიანი, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა და კვლავ სავადმყოფოში რჩება. მაკოს გარდა აქციის სხვა მონაწილეებმაც დაკარგეს თვალი ან მხედველობა თვალში მოხვედრილი რეზინის ტყვიის გამო.