Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აუდიოჩანაწერის მიხედვით, იური სუსლიაკს მეუღლისთვის საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს


ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელ ქალის, იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ რადიო თავისუფლებას მიაწოდა სატელეფონო ჩანაწერი, სადაც იულია სუსლიაკის ქმარს, უცნობი პირი, რომელიც მას პროკურატურის წარმომადგენლად გაეცნო, ცოლის გათავისუფლების გზას სთავაზობს.

იური სუსლიაკის განცხადებით, მის ტელეფონზე ზარი 8 ივნისს, შაბათს, დაფარული ნომრიდან შევიდა.

დიალოგის თანახმად, უცნობი მამაკაცი იური სუსლიაკს სთავაზობს, რომ მისმა მეუღლემ აღიაროს დანაშაული ბავშვების გაყიდვის მცდელობის ნაწილში, შედგება საპროცესო შეთანხმება, ჯარიმის გადახდის შემდეგ კი იულია სუსლიაკი გათავისუფლდება.

ჩანაწერის ავთენტურობა, რომელიც 2:58 წამს გრძელდება დადასტურებული არ არის.

ჩანაწერის დეტალური სკრიპტი:

სუსლიაკი: გისმენთ

უცნობი: იური სუსლიაკი ბრძანდებით?

სუსლიაკი: დიახ.

უცნობი: გამარჯობა, იური, პროკურატურიდან გირეკავთ თქვენი ცოლის, იულია სუსლიაკთან დაკავშირებით

სუსლიაკი: ვინ ბრძანდებით?

უცნობი: არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვარ. წინადადებით გირეკავთ.

სუსლიაკი: გისმენთ

უცნობი: იური, გინდათ, რომ თქვენი ცოლი უკრაინაში გაფრინდეს?

სუსლიაკი: რა თქმა უნდა, მინდა.

უცნობი: ჩვენ გთავაზობთ, საპროცესო შეთანხმებაზე წასვლას

სუსლიაკი: უკაცრავად, და ეს რა არის?

უცნობი: ეს ნიშნავს, რომ მან ნაწილობრივ აღიაროს დანაშაული

სუსლიაკი: რა ნაწილში?

უცნობი: მხოლოდ ბავშვების გაყიდვის მცდელობაში. და მორჩა. შემდეგ ის უკვე შეძლებს უკრაინაში გაფრენას.

სუსლიაკი: კი, მაგრამ მას ხომ ამისათვის პატიმრობას მიუსჯიან?

უცნობი: არა, არა. პატიმრობა არ იქნება. იქნება ჯარიმა. ჯარიმა და ამის შემდეგ ის შეძლებს უკრაინაში გაფრენას.

სუსლიაკი: მაგრამ ახლა, 20 რიცხვში, სასამართლო სხდომაა. და იმედი მაქვს, რომ გაამართლებენ, არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ აქვთ.

უცნობი: ან გაამართლებენ ან არ გაამართლებენ. გამოძიება შეიძლება გაგრძელდეს წელიწადნახევარი, ორი წელი.

სუსლიაკი: ანუ, სასამართლო არ იქნება?

უცნობი: სასამართლო იქნება. მაგრამ ყველაფერი შეიძლება გაგრძელდეს წელიწადნახევარი, ორი წელი, შეიძლება გაგრძელდეს და გაგრძელდეს. და მერე უკვე თქვენი შვილები თქვენს ცოლს დაუძახებენ დეიდას და არა დედას. ეს გინდათ?

სუსლიაკი: მაქვს დრო, რომ მოვილაპარაკო ცოლთან და ადვოკატთან?

უცნობი: დრო გაქვთ, კი. მოითათბირეთ.

სუსლიაკი: და როგორ დაგიკავშირდეთ?

უცნობი: მე თავად დაგიკავშირდებით.

სუსლიაკი: კარგი, მოვიფიქრებთ. მაგრამ ნამდვილად არსებობს გარანტიები, რომ საპროცესო გარიგების შედეგად გათავისუფლდება?

უცნობი: კი, რა თქმა უნდა, აქ მაქსიმალური ჯარიმაა და მერე მორჩა, მას შეუძლია გაფრინდეს უკრაინაში.

სუსლიაკი: და მაინც, რა გქვიათ?

უცნობი: არ აქვს მნიშვნელობა, რა მქვია.

სუსლიაკი: კარგი, მოვილაპარაკებთ, ველოდები თქვენ ზარს

უცნობი: კარგი, თქვენ მოიფიქრეთ, და მერე დაგირეკავთ.

პროკურორი მარიამ გოგორელიანი უარყოფს იური სუსლიაკისა და ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ იური სუსლიაკს პროკურატურიდან არავინ დაკავშირებია:

„არანაირი სახის შეთავაზებას იური სუსლიაკის ან იური სუსლიაკის მიმართ რაიმე გარიგებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია, არც მათ ადვოკატთან, არც კონკრეტულად ბრალდებულთან, არც მის მეუღლესთან და არც რომელიმე მათი ოჯახის ახლობელთან“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკს წინასწარი, 55-დღიანი პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა. მას ბრალი წაყენებული აქვს არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მუხლით. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს რომ ბავშვები (ათი ბავშვი) მისი შვილები არიან.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებულმა დნმ-ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იულია სუსლიაკის მიერ საქართველოში შემოყვანილი ათი ბავშვიდან ოთხი მისი ბიოლოგიური შვილია, ხოლო ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამაა იური სუსლიაკი. ის ამჟამად აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

ათი ბავშვი 7 ივნისს, გვიან ღამით უკრაინაში გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების უკრაინაში დასაბრუნებლად საკუთარი თვითმფრინავი გამოგზავნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ბავშვების წასაყვანად უკრაინიდან ჩამოსულები იყვნენ ბავშვების ბებიები და უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან არსებული ბავშვის უფლებების დამცველის სამსახურის წარმომადგენელი.

XS
SM
MD
LG