Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლილიან მორი პასკიე: უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ევროპა


ევროსაბჭოში გაწევრიანება საქართველოსთვის იყო ძლიერი ბიძგი იმისათვის, რომ ქვეყანა დამდგარიყო რეფორმებისა და განვითარების გზაზე, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიან მორი პასკიემ საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების მე-20 წლისთავს ეძღვნებოდა.

„ევროსაბჭოში 20 წლის წინ გაწევრიანება საქართველოსთვის იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდირების თვალსაზრისით.

ეს იყო ძლიერი ბიძგი რეფორმებისთვის, მათ შორის არის: საკონსტიტუციო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ეროვნული მექანიზმების გაძლიერება ადამიანის უფლებების დაცვის, კორუფციასთან ბრძოლისა და სხვა მრავალი მიმართულებით...

ეს რეფორმები დამსახურებაა ერთობლივი ძალისხმევისა საქართველოს ინსტიტუციების, ქართველი ექსპერტებისა და ევროსაბჭოს ინსტიტუციების, ექსპერტებისა და სხვადასხვა სტრუქტურის ჩართულობით“, - განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.

მისი თქმით, საამაყოა, რომ ევროსაბჭოს სტრუქტურები და ინსტიტუციები, მათ შორის - ვენეციის კომისია, ადამიანის უფლებათა კომისარი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასოცირდება საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებთან.

ლილიან მორი პასკიემ ასევე აღნიშნა, რომ თვალსაჩინოა საქართველოს პროგრესი 1999 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ქვეყანა გაწევრიანდა ევროსაბჭოში და მნიშვნელოვანია შემდგომი წარმატებები განვითარების გზაზე.

საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების მე-20 წლისთავის გარდა, წელს ევროსაბჭოს დაარსების 70-ე წლისთავიც აღინიშნება.

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიან მორი პასკიემ განაცხადა, რომ საერთო ევროპული გამოწვევების დაძლევის გასაღები ისევ ერთიანობაშია და ეს ერთიანობა ემყარება უცვლელ ფასეულობებს - დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას.

„ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ ევროპული ერთობის ფუნდამენტურ ფასეულობებზე - მშვიდობაზე, ღირსებაზე, ფუნდამენტურ უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე.

სირთულეების პირისპირ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დიალოგი და თანამშრომლობა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი კონტინენტის ერთობა... ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები და ჩვენი ევროპა“, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიან მორი პასკიემ.

XS
SM
MD
LG