საქართველოს პარლამენტმა არასამთავრობო სექტორთან ერთად დაიყწო მსჯელობა უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საფრთხეზე. პროცესში ჩართული ორგანიზაციების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციის და პროპაგანდის უკან რუსეთი დგას.
რა არის დეზინფორმაცია და პროპაგანდა?
მაგალითად, ორგანიზაცია CRRC-საქართველოს განმარტებით, ეს არის: „სხვადასხვა ჯგუფების მიერ, უცხო ქვეყნებისა და ასევე - ადგილობრივი ჯგუფების მიერ ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელება და მის ტირაჟირება სხვადასხვა მეთოდებით. მედიით, ინტერნეტით, სოციალური ქსელებით“.
ხელისუფლების მონაწილეობით დისკუსიის დაწყების მთავარი მიზანია დაისახოს გეგმა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა უცხო ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეს დაუპირისპირდეს.
პირველი შეხვედრა ამ საკითხზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა 4 აპრილს გამართა და ასეთი შეხვედრები, დახურულ ფორმატში, 15 აპრილამდე გაგრძელდება.
ამ შეხვედრამდე, პროცესში ჩართვის მოსურნე 17-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტს წერილობითი დასაბუთებული მოსაზრებები გაუგზავნა დეზინფორმაციის და პროპაგანდის რაობაზე, იმაზე, თუ რა არის მისი მიზანი საქართველოში, ვინ დგას მის უკან ან რა კვლევის საფუძველზე შეიძლება ამის თქმა.
პარლამენტში ახლა სწორედ ამ მოსაზრებების დეტალური განხილვა და ინფორმაციის დაზუსტების პროცესი მიდის.
ჯგუფის მთავარი მომხსენებელი პარლამენტის მხრიდან დეპუტატი ნინო გოგუაძეა.
მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პარლამენტი, არასამთავრობო სექტორისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ, მთავრობის შესაბამის უწყებებთან დაიწყებს მუშაობას ყველაზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმის შექმნისთვის, რაც პროპაგანდის და დეზინფორმაციის საფრთხეს წინ აღუდგება.
„თუ რბილი ძალის პოლიტიკა, კონკრეტულად კი, დეზინფორმაცია და პროპაგანდა, ეფექტიანია საზოგადოების თუნდაც მცირე ჯგუფში, ეს იმიტომ, რომ ორგანიზებული პროცესია. იციან, რომელ აუდიტორიაზე და რა დროს უნდა იმუშაონ, რომ მათთვის სასურველი შედეგი მიიღონ. ამიტომ, ვფიქრობ, სახელმწიფოსაც უნდა ჰქონდეს ხედვა, და საპასუხო რეაგირების კომპლექსური მექანიზმიც“.
ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შესახებ ინფორმაცია, როგორც სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშშიც მოხვდა. მასში წერია, რომ:
- პროპაგანდისტული მედიაკამპანია და დეზინფორმაციული ხასიათის მუშაობა წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიზანიცაა ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება;
- საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვა, საზოგადოების დემორალიზაცია, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე რადიკალიზაციის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ ახალისებს საზოგადოებაში დეზინტეგრაციული პროცესების განვითარებასა და აღრმავებს პოლარიზაციას.
თუმცა, როგორც ინფორმაცის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენელმა, ლევან ავალიშვილმა გვითხრა, ხელისუფლება მაინც იკავებს თავს მეტი კონკრეტიკისგან. მაგალითად, თუ რომელი ქვეყნიდან მოდის ასეთი საფრთხე.
„რატომღაც გაურბიან იმის თქმას, თუ საიდან მოდის ეს პროპაგანდა, ვინ არის ამის უკან, რა არხებით და რა გზებით ვრცელდება ეს, ამის შესახებ დეტალური ინფორმაციას, სუს-ის ანგარიშში ვერ ნახავთ“, - ამბობს ლევან ავალიშვილი.
IDFI ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, ვინც ამ თემას უკვე დიდი ხანია იკვლევს და ხმამაღლა ლაპარაკობს უცხო ქვეყნიდან წარმოებულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე.
რამდენიმე წლის წინ ხელისუფლება მათ პასუხობდა, რომ საქართველოსთვის ეს არ იყო დიდი პრობლემა. თუმცა, საზოგადოებრივი აზრის კვლევებმა მალე საპირისპირო დაადასტურეს:
„2015 წლიდან დღემდე ჩვენ რამდენიმე გამოკვლევა ჩავატარეთ და ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის დიდი გამოწვევა საქართველოსთვის და რომ საჭიროა რეაგირება. იმიტომ, რომ ის საინფორმაციო შტურმი, რომელიც ჩვენთან ვრცელდება, მოქმედებს მოსახლეობის განწყობაზე. აქ საუბარია ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე, ნატოსთან ინტეგრაციის პოლიტიკაზე“.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი წერს, რომ თუ საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებს კრემლის პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევას:
- შესუსტდება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა და რითიც საფრთხე შეექმნება ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უსაფრთხოებას.
- გარეშე მტრულ ძალას მიეცემა საშუალება, მოახდინოს გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რითიც საფრთხე შეექმნება საქართველოს სუვერენიტეტს.
- დეზინფორმაციული კამპანიის შედეგად საქართველოს ამომრჩეველთა შორის გაიზრდება გაურკვევლობისა და დისონანსის დონე, რაც ხელს შეუშლის ამომრჩეველს, მიიღოს ფაქტებზე და არა ემოციებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ამით, გარეშე ძალა შეასუსტებს ქართულ დემოკრატიას და გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. ამასთან, შემცირდება ხელისუფლებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ მოსახლობის ნდობა, შემცირდება მათი ლეგიტიმაცია.
- საზოგადოებაში გაძლიერდება ქსენოფობია და გაღვივდება ეთნიკური და რელიგიური შუღლი, შესუსტდება სამოქალაქო ერთიანობა და გართულდება ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტეგრაცია.
დეზინფორმაციის ანუ ე.წ. „ფეიქ ნიუსებისა“ და პროპაგანდის საფრთხეზე დღეს ლაპარაკობს ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც. ლევან ავალიშვილი შენიშნავს, რომ იქ ამ პროცესთან საბრძოლველად საგანგებო სამსახურებიც კი შეიქმნა. საქართველოს სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციაც ეს იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებასაც აეღო მისი წილი პასუხისმგებლობა.
ლევან ავალიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ამ პრობლემაზე მოსახლეობას დაელაპარაკოს არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორი, რომლის მიმართ ნდობაც არც ისე მაღალია და პროპაგანდაც სწორედ მათი დისკრედიტაციისკენ არის მიმართული, არამედ ხელისუფლება. სწორედ ხელისუფლებამ უნდა ილაპარაკოს ამ პრობლემაზე ღიად, კონკრეტული მაგალითების მოშველიებით, რადგან მას აქვს მეტი ბერკეტი ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
„შესაძლოა, ეს იყოს ფინანსური მონიტორინგი, გადმორიცხვების, სხვადასხვა არხების გაშიფვრის და ა.შ. მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ და ვერც ერთი არასამთავრობო ან მედია ვერ შეძლებს ისე გაუმკლავდეს ამ პრობლემას, როგორც ეს შეუძლია ხელისუფლებას“.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ, როგორც წესი, დეზინფორმაციის და პროპაგანდის ტალღა საზოგადოებას არჩევნების პერიოდში გადაუვლის ხოლმე. ეს კი არა მხოლოდ მოსახლეობის განწყობების შეცვლისკენ არის მიმართული, არამედ პოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილებისკენაც.
აი, მაგალითად, IDFI პარლამენტს წერს, რომ ანტიდასავლური პროპაგანდის ძირითადი მიზნები და ამოცანებია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეფერხება/შეჩერება, საზოგადოებაში საქართველოს ძირითადი პარტნიორების მიმართ უნდობლობის გაღვივება (მაგალითად აშშ-ის, ევროკავშირის მიმართ), დასავლური ღირებულებების დაკნინება, მათი საფრთხედ წარმოჩენა ქართული კულტურისთვის და ევრაზიული ალტერნატივის როგორც გამოსავლის წარმოჩენა, საზოგადოებაში ქაოსის და შუღლის გაღვივება, პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაზე გავლენის მოხდენა.
საყურადღებოა ერთი ფაქტორიც: დასაცავია ზღვარი პროპაგანდასთან ბრძოლასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის - ამ საკითხზე მსჯელობისას ჩნდება მოსაზრებაც გარკვეული წესების გამკაცრებისა, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც არის არასამთავრობო სექტორი.
„21- საუკუნეში ცივი ომის გზით არ უნდა ვიაროთ“, - გვითხრა ლევან ავალიშვილმა. მას და მის ორგანიზაციას, მაგალითად, მიაჩნია, რომ ამ პრობლემასთან ბრძოლაში, მეტად უნდა გამოიკვეთოს საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი, ეთნიკური უმცირესობების დასახლებულ რეგიონებში ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს.
არასამთავრობო სექტორის განცხადებით, ველოსიპედი გამოგონებულია - ევროპა წლებია, ამ კუთხით მუშაობს და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება არც საქართველოს ხელისუფლებას აწყენდა.