თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე ამბობს, რომ მთაწმინდის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის შეთავაზება მიიღო „ოჯახისგან, რომელსაც ჰქვია ქართული ოცნება.“
„ჩემ ასაკში, როცა უკვე შვილიშვილების ბაბუა ხარ, ელოდები ასეთ დაძახებას: ბაბუუ! და მთელი შენი მინავლებული ენერგია უცბად თავს მოიყრის. და ამ დიდებულ ძალაში, ამ გამართულ ძალაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ძალიან ბევრი ახლობელი მყავს. მართალი გითხრათ, პირადად ბატონ ბიძინას ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი, როგორიც დღეს გამოვლინდა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, რომელსაც ჯერ კიდევ მშობლების მიმართ პატივისცემა და წინაპრების მიმართ დიდი კდემა არ დაგვიკარგავს და განსაკუთრებული მზრუნველობა შვილების მიმართ და შვილიშვილების მიმართ“ - უთხრა ჟურნალისტებს ლადო კახაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ.
ამ სხდომის შემდეგ, პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლადო კახაძე დაასახელა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად თბილისის მთაწმინდის ოლქში. შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.