Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიის პორტი: ჩაშლის საფრთხე რეალურია?


ანაკლიის პორტის მშენებლობა შესაძლოა შეფერხდეს, ანდა ჩაიშალოს - ასეთი ვარაუდები "TBC ბანკთან" დაკავშირებული პროცესების ჭრილში განიხილება. ამ ვარაუდების უკან ბევრი ბიძინა ივანიშვილის გეგმებსაც ხედავს. იმას, რომ ანაკლიის პორტის მომავალი შესაძლოა დაზარალდეს, თავად მამუკა ხაზარაძეც ადასტურებს. რა ხდება ანაკლიის პროექტის გარშემო, რეალურია თუ არა პროექტის ჩაშლა?

თან დახმარება, თან ბრძოლა

ანაკლიის პორტის პირველი ფაზისთვის საჭიროა 600 მილიონი დოლარი. ეს ფული მსოფლიოს წამყვანმა საფინანსო ინსტიტუტებმა უნდა გამოყონ. შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ "TBC ბანკთან" დაკავშირებულმა პროცესებმა შესაძლოა ყველაფერი გააფუჭოს.

„საერთაშორისო პრესაში მოხვდა ინფორმაცია, რომ თითქოს მე და ბადრის (ჯაფარიძე) რაღაც კავშირი გვაქვს დანაშაულთან და ეს პირდაპირ ურტყამს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ 18 თებერვალს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

  • მამუკა ხაზარაძე შიშობს, რომ საფინანსო ინსტიტუტები თავს შეიკავებენ ხელშეკრულების გაფორმებისგან (რაც დაგეგმილია მაის-ივნისში);
  • მამუკა ხაზარაძეს აშფოთებს ის ფაქტი, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფო გვერდში უდგას ანაკლიის პროექტს;
  • ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფო სტრუქტურა ჩქარობს TBC-ის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი ბრალდებების გახმაურებას;
  • მამუკა ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ჯერჯერობით არ დარღვეულა გრაფიკი;
  • ხაზარაძის თქმით, ჯერჯერობით არ შეცვლილა გეგმა, რომ პორტმა გემები 2020 წელს მიიღოს.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აშენებს. საქართველოს მთავრობასთან შესაბამისი ხელშეკრულება 2016 წლის ოქტომბერში გაფორმდა. კონსორციუმში შედიან: TBC Holding-ი (საქართველო), Conti International-ი (აშშ), SSA Marine-ი (აშშ), British Wondernet Expres-ი (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd-ი (ბულგარეთი).

სავარაუდო სცენარები ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით

რატომ გაუხსენა პროკურატურამ „TBC ბანკს“ 2007-2008 წლებში განხორციელებული ტრანზაქცია სწორედ ახლა - ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელიც საფუძვლად უდევს ვარაუდებს „TBC ბანკის“ მიზანმიმართულ შევიწროებასთან დაკავშირებით.

ამ ვარაუდების გარშემო გაკეთებულ კომენტარებსა თუ განცხადებებში არცთუ იშვიათ ფიგურირებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ასეა მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშიც:

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ პორტის აშენების ტენდერში 2016 წელს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის დროს გაიმარჯვა;
  • 2018 წლის ზაფხულში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა, მან პრემიერ-მინისტრი გადააყენა და მწვავედაც გააკრიტიკა;
  • ივანიშვილმა ასევე მკვეთრად ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია „თიბისი ბანკი“, ხოლო მამუკა ხაზარაძეს უმადურობაში დასდო ბრალი.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი თიბისი ბანკთან დაკავშირებულ პროცესებს სწორედ ანაკლიის პორტის მიმართ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს.

* სავაჭრო პალატის სხვადასხვა საერთაშორისო წყაროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ის (ფადი ასლი) არ გამორიცხავს, რომ პორტის მშენებლობა შეიძლება საერთოდ ჩაიშალოს.

ლაპარაკია რამდენიმე სავარაუდო სცენარზე ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით:

  • ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პორტს საერთოდ გააჩერებს, რადგან ამან შეიძლება რუსეთთან ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს;
  • ბიძინა ივანიშვილი შეეცდება შეაშინოს ანაკლიის კონსორციუმის პოტენციური პარტნიორები - მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის დადანაშაულებით;
  • ბიძინა ივანიშვილი შეეცდება ამ გზით გადაუჭრას დაფინანსების წყაროები ანაკლიის პროექტს;
  • ხოლო როცა დაუფინანსებლობის გამო პროექტი შეჩერდება, უკმაყოფილო სახელმწიფო კონსორციუმს ვალდებულებების შესრულებას მოსთხოვს და ასე ჩაიგდებს ხელში ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პორტის პროექტს.

ანაკლიის პროექტის შეფერხებასა და ჩაშლასთან დაკავშირებულ ვარაუდებს აბსურდულად თვლის საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. როგორც მან განაცხადა, "TBC ბანკთან" დაკავშირებული პროცესები არანაირად არ უკავშირდება ანაკლიის პორტის მომავალს.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ინიციატორი ამ უმნიშვნელოვანესი იდეის და ჩვენ, როგორც მთავრობა, ყველა ფინანსურ ინსტიტუტთან ვმონაწილეობთ, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ფორმირება და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან დაიწყოს დაფინანსება ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის. ამის პოლიტიკურ სპეკულაციებში გადატანა, რა თქმა უნდა, გახლავთ სრული უპასუხისმგებლობა.“

როგორც ეკონომისტმა, ფინანსისტმა, ზვიად ხორგუაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ხელისუფლებას სულაც რომ არ უნდოდეს, ის ასეთი მიდგომებით აუცილებლად დააზარალებს ანაკლიის პორტის პროექტს, რადგან - უცხოელი ინვესტორები უარს იტყვიან ფულის ჩადებაზე ქვეყანაში, სადაც მსხვილი ბიზნესმენის გარშემო დაულაგებელი და გაურკვეველი ვითარებაა.

„როდესაც საქმის წარმოება დაიწყო და შემდეგ ეროვნულმა ბანკმა პოსტების დატოვება მოთხოვა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ხელისუფლება ამბობდა, რომ ეს ვერ დააზარალებდა "TBC ბანკს", მაგრამ ვნახეთ, რომ ლონდონის ბირჟაზე ამ კომპანიის აქციების ფასი დაეცა. მსგავსი იქნება ბრალდებების ზეგავლენა ანაკლიის პორტის შემთხვევაშიც“ , - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.

რას დაკარგავს საქართველო ანაკლიის პროექტის ჩაშლით?

თუკი სხვადასხვა დროს გაკეთებული კომენტარების მიხედვით ვიმსჯელებთ, ანაკლიის პორტის გარშემო ქართველი და უცხოელი ინვესტორები გააერთიანა რწმენამ, რომ:

  • პორტის საშუალებით საქართველო აბრეშუმის გზის სავაჭრო დერეფანში ისტორიული როლს დაიბრუნებს;
  • ეს ამ ქვეყანასთან ერთად, განავითარებს მთელ რეგიონს.

ყოველთვის ხაზგასმით აღინიშნებოდა პროექტში ამერიკული კომპანიების ჩართვა და საკითხი საგანგებო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა 2017 წლის აგვისტოშიც, როცა თბილისში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ჩამოვიდა.

ანაკლიის პორტს საგანგებო ვიდეორგოლი მიუძღვნა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალმა ამერიკულმა კომპანიამ, „Conti International“-მა.

მოყვანილია კონკრეტული რიცხვები:

  • ანაკლიის პორტი უნდა ამუშავდეს 2020 წელს;
  • პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენს;
  • პროექტისთვის გამოყოფილია 1,000 ჰექტარი მიწის ფართობი, 49-წლიანი იჯარით;
  • აქედან 400 ჰექტარი უშუალოდ პორტს დაეთმობა;
  • 600 ჰექტარზე კი - თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განთავსდება;
  • პროექტის მშენებლობის ფარგლებში შეიქმნება 3 400 სამუშაო ადგილი;
  • პროექტის დასრულების შემდეგ შეიქმნება 6 400 სამუშაო ადგილი.

„ჩვენ ვხსნით პრაქტიკულად ბოლო კარიბჭეს აზიასა და ევროპას შორის... ეს არის გარდამტეხი ნაბიჯი, რომ დავჯდეთ რუკაზე და გავხდეთ საკმაოდ სერიოზული მოთამაშე მთელ რეგიონში“, - ეს სიტყვები მამუკა ხაზარაძემ 2018 წლის ნოემბერში წარმოთქვა, ანაკლიაში, როცა პორტისთვის ზღვის ფსკერის გაღრმავების სამუშაოები დაიწყო.

2017 წლის დეკემბერში კი, მან თქვა ისიც, რომ ამ პროექტს ვერაფერი შეაჩერებს.

მამუკა ხაზარაძე ანაკლიაში 2017 წლის 24 დეკემბერი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:23 0:00

მაშინ, როცა ნატომ მნიშვნელოვან პრიორიტეტად დასახა „შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია“, ანაკლიის პორტს ამ მხრივ აუცილებელ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტად განიხილავს სამხედრო - ანალიტიკური ჟურნალის, არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.

როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას:

  • ასეთი პროექტების წყალობით, საქართველო დასავლეთთან, ნატოსთან უფრო მეტ ინტეგრაციას მოახერხებს;
  • ამ პორტის საშუალებით, რუსეთის მხრიდან კრიზისული სიტუაციის შექმნის შემთხვევაში, პარტნიორები საქართველოსთვის უფრო ეფექტიანი დახმარების აღმოჩენას შეძლებენ;
  • ეს საქართველოს მოუტანს მეტ დაცულობას, რადგან მასშტაბური უცხოური ინვესტიციები უსაფრთხოების დაცვის გარანტიც არის;
  • მთავარია, რომ ეს პროექტი ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს - ძლიერი ეკონომიკის გარეშე ვერავინ დაიცავს თავს.

შავი ზღვის რეგიონში ღრმაწყლოვან პორტზე მოთხოვნა რომ არსებობს, ეს ნათელია ზვიად ხორგუაშვილისთვისაც. თუმცა ფინანსისტის თქმით, წინასწარ ვერავინ იტყვის - ეკონომიკურად რამდენად მომგებიანი იქნება ეს პროექტი.

„ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით ძალიან დიდი მუშაობა იქნება საჭირო, რადგან დღეს ტვირთების უდიდეს ნაწილს გზები სწორედ საქართველოს გვერდის ავლით აქვს გაკვალული“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად ხორგუაშვილმა.

მართალია, რისკებს სხვა ეკონომისტებიც ხედავენ, მაგრამ, მათი აზრით, ქვეყნისთვის ერთმნიშვნელოვნად წამგებიანი იქნება უარის თქმა ასეთ მასშტაბურ პროექტზე, მით უფრო - აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს.

* შენიშვნა:

სტატიის თავდაპირველ ვარიანტში იყო შემდეგი ფორმულირება: „ლონდონში ბაზირებული სადაზვერვო დეპარტამენტისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ის (ფადი ასლი) არ გამორიცხავს, რომ პორტის მშენებლობა შეიძლება საერთოდ ჩაიშალოს“, - რაც ეფუძნებოდა ფადი ასლის მიერ, 18 თებერვალს, პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას.

თუმცა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, რადიო თავისუფლებას დაუკავშირდა საერთაშორისო სავაჭრო პალატა და ითხოვა წყაროსთან დაკავშირებული აქცენტის დაზუსტება შემდეგი ფორმულირებით: „სავაჭრო პალატის სხვადასხვა საერთაშორისო წყაროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ის (ფადი ასლი) არ გამორიცხავს, რომ პორტის მშენებლობა შეიძლება საერთოდ ჩაიშალოს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG