არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს არის კერძო ბიზნესზე ზეწოლა, - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ TBC ბანკთან დაკავშირებულ პროცესებზე.
მისი თქმით, კერძო ბიზნესზე ზეწოლის ვარაუდს გამორიცხავს პროცესში გამოვლენილი “სერიოზული ბრალდებები, რომლებსაც აქვთ ფაქტობრივი მტკიცებულებები“.
ეკონომიკის მინისტრი გამოხატავს იმედს, რომ კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ სიმართლეს TBC-ის საქმესთან დაკავშირებით.
„იმედი მაქვს, ჩვენი სამართალდამცველი უწყებები და მათ რიცხვში, რა თქმა უნდა, პროკურატურა გაერკვევიან ამ საკითხში. ეს არის მათი პრეროგატივა.
მაგრამ, რა თქმა უნდა, ბრალდებები, რაც დღემდე გაჟღერდა, ეს არის სერიოზული ბრალდებები. ამაში გარკვევაა საჭირო. ამას ჩვენ ვერ დავაბრალებთ მთლიანად პოლიტიკურ პროცესს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას მოითხოვს.
რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.
„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.
პროკურატურის განმარტებით, 2008 წლის აპრილ-მაისში კომპანიების შპს „სამგორი M“-ისა და „სამგორი თრეიდის“ მიერ „თიბისი ბანკისგან“ აღებული სესხი (17 მილიონი დოლარი) იმავე დღეს სესხის სახით გაიცა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე.
პროკურატურა იტყობინება, რომ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა არც „სამგორი M“-ისა და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ, ხოლო შემდეგ ისინი ჩანაცვლდნენ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ და დღემდე ეს თანხა არ არის ანაზღაურებული „თიბისი ბანკისთვის“.