Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარულა


ხე ვაშლისა გახლდათ და ხაზარულა ერქვა...

ცხადია, ყველაზე დიდი ქართული ბანკი რაღაცით მართლაც ჰგავს დიდ ხეს (ალბათ, ტოტებივით გაშლილი ბევრი ფილიალით და კიდევ უფრო მეტი თანამშრომლითა და კლიენტით) და მისი დამფუძნებლის გვარიც ძალიან ჩამოჰგავს ნოდარ დუმბაძის ხაზარულას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ომონიმურობა არ არის ყველაზე არსებითი მსგავსება ხაზარულასა და ხაზარაძეს შორის:

ალბათ, გახსოვთ, ხაზარულას აშინებდნენ. ხაზარაძესაც აშინებენ.

ხაზარულას სამართებელივით პირალესილ და ალაპლაპებულ ნაჯახს უღერებდნენ. ხაზარაძესაც უღერებენ ეროვნულ ბანკს, სისხლის სამართლის კოდექსს. ორივე შემთხვევაში მიმართავენ ტაქტიკურ ხრიკს: ჯერ შეაშინო, მერე, თუ არ შეშინდა, მოჭრა.

ის, რაც ერთი წელია თი-ბი-სი ბანკის თავს ხდება, სწორედ ამგვარი ტაქტიკური ხრიკის ნაწილია.

იქ ბებია ემართლება ხაზარულას, აქ ბიძინა - ხაზარაძეს.

"ვაშლი რომ ვაშლს აღარ გამოისხამს, ვაშლია იგი?" - ედავება ბებია ხაზარულას და, შესაბამისად, დუმბაძესთან ყველაფერი ნათელია, მაგრამ რას ედავება ბიძინა ივანიშვილი ხაზარაძეს?

საქართველოში, შერჩევითი სამართლის ნაკრძალში, არავის სჯერა, რომ თი-ბი-სი ბანკისა და, შესაბამისად, ხაზარაძის თავზე უკომპრომისო მართლმსაჯულების მსახვრალი ხელი აღიმართა. საქართველოში არ იჭერენ და არ ასამართლებენ სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებულ ადამიანებს, არაფრად აგდებენ მოწმეების ჩვენებებს, დანაშაულის ტოლფას ქმედებებს აპატიებენ მოსამართლეებსა და პროკურორებს, თვალს ხუჭავენ მთავარი აუდიტორისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების ცემაზე... ასეც რომ არ იყოს, განა არ გვახსოვს, საიდან მოვდივართ?! რომ მთავარია ადამიანი იყოს, საჭირო მუხლი კი ყოველთვის მოიძებნება?! აკი, მოიძებნა კიდეც ხაზარაძისთვისაც...

ცხადია, 11 წლის წინანდელი ამბავი ფულის გათეთრებისა საბაბია, მაგრამ რა არის მიზეზი?

დუმბაძესთან ვაშლი არ მოისხა ხემ ("ვაშლი რომ ვაშლს აღარ გამოისხამს, ვაშლია იგი? შეშაა მაგი დღეის იქით!"), მაგრამ რა ვერ "გამოისხა" ხაზარაძემ? რა ვაშლს ითხოვდა მისგან ივანიშვილი - ანაკლიის პორტს? მორჩილებას? საკუთრივ ბანკს?

სიბრიყვე იქნებოდა ივანიშვილისგან ამ კითხვებზე გულწრფელი პასუხის მიღების მოლოდინი, ისევე როგორც სიბრიყვე იქნება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, ხაზარაძის დუმილი. ჯერ კიდევ ძველ რომში ამბობდნენ, „ტაცენდო ნონ ირიტურ პერიკულუმ“ - ჩუმად ყოფნით საშიშროებას თავს ვერ დააღწევო. მით უმეტეს, თავს ვერ დააღწევს ღარიბი ქვეყნის მსხვილი ბანკირი, რომლის მიმართ ემპათია, გასაგები მიზეზების გამო, ვერ იქნება საკმარისად ძლიერი (კაცმა არ იცის, ბრეხტის ცნობილ კითხვას, რა უფრო დიდი დანაშაულია, ბანკის მართვა თუ ბანკის ძარცვაო, როგორ უპასუხებენ საქართველოს მოქალაქეები). ასევე სიბრიყვე იქნება მხოლოდ მართლმსაჯულების იმედად ყოფნა ქვეყანაში, სადაც თამადის კულტი უფრო ძლიერია, ვიდრე თემიდისა. ასე რომ, დუმილი ვერანაირად ვერ იქნება ხაზარაძის იარაღი. პირიქით, ბევრი უნდა ილაპარაკოს, ყველა კარზე უნდა დააკაკუნოს, სხვანაირად (თუ არ დააკაკუნა) არ გაუღებენ და ვერც მიიღებს საზოგადოების მხარდაჭერას. მოკლედ, ბრძოლაში უნდა შევიდეს და უიმედოდ არ უნდა იყოს. შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ იმედის მთავარი წყარო, ისევე როგორც პრობლემებისა, ბიძინა ივანიშვილია - უფრო მდიდარი, უფრო ძლიერი, უფრო გავლენიანი და, შესაბამისად, უფრო უსამართლო.

იმდენად "უფრო", რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ექვსი წლის თავზე, შეგვიძლია ბრმად ვამტკიცოთ, რომ ბიძინასთან დავაში ყველა მართალია, ისევე როგორც 2012 წელს ყველა მართალი იყო მიშასთან.

ხაზარაძე არ უნდა დარჩეს მარტო ბიძინასთან პირისპირ. თვითონ არ უნდა დაუშვას ამგვარი რამ. უნდა ახსოვდეს, ხისა და ნაჯახის ჭიდილში, როგორც წესი, გამარჯვება ნაჯახს რჩება. ასე რომ, დიდწილად, ხაზარაძეზეა დამოკიდებული, გაიზიარებს თუ არა ხაზარულას ბედს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG