Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ქობულია: ბევრი ფული მაქვს გადადებული, ბევრი წელი დავხარჯავ


„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატი გიგა ბოკერია დაინტერესდა, აგროვებდა თუ არა გასულ წლებში საპენსიო დანაზოგს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია.

„გაქვთ თუ არა დანაზოგი საპენსიო ფონდში? მე ვნახე თქვენი დეკლარაცია და არა გაქვთ იქ მითითებული... თქვენ არ გაქვთ შეტანილი თანხა რომელიმე კერძო საპენსიო ფონდში, რომ უზრუნველყოთ თქვენი სიბერე“, - მიმართა გიგა ბოკერიამ გიორგი ქობულიას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

მინისტრმა დეპუტატს უპასუხა, რომ საქართველოში ახალი საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემდეგ, ისიც შეუერთდა ამ პროცესს; ხოლო მანამდე ის ანალოგიურ გზას მიმართავდა.

„ჩემი დანაზოგი კაპიტალურ ბაზრებშია ჩადებული და ეს არის ანალოგი საპენსიო ფონდის“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

„არა, არა, იმ თანხას თქვენ განკარგავთ და ხვალ რომ მოგინდეთ, დახარჯავთ... თქვენ თქვენი ნებით არ გსურთ თქვენი ფული ისე გადადოთ, რომ შემდეგ მისი თავისუფლად ხარჯვა არ შეგეძლოთ, მაგრამ სხვას ყველას აძალებთ“, - უპასუხა გიორგი ქობულიას გიგა ბოკერიამ.

„ხომ იცით, მე ბევრი ფული მაქვს გადადებული, ბატონო გიგა, ბევრი წელი დავხარჯავ“, - ასეთი იყო ქობულიას საპასუხო კომენტარი.

გიგა ბოკერია ასევე დაინტერესდა, აგროვებდა თუ არა საპენსიო დანაზოგს რომელიმე კერძო საპენსიო ფონდში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, რომელიც ასევე ესწრებოდა კომიტეტის სხდომას. პასუხი უარყოფითი იყო.

„ეს არის სენტენცია: მოიქეცი არა ისე, როგორც მე მოვიქცევი, არამედ ისე, როგორც გეტყვი, რომ მოიქცეო... ეს არის თქვენი პოლიტიკური კრედო. თქვენ ბევრი ფული გაქვთ და იქაც კი არ გინდათ თავი შეიზღუდოთ, ხოლო ყველაზე გაჭირვებულებს აძალებთ და აყენებთ რთულ მდგომარეობაში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

XS
SM
MD
LG