Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მღვდელმსახურის სტატუსი - პატიმრების ადვილად მოსანახულებლად


„საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული და ლუთერანული ეკლესია – ბიბლიური მზრუნველობა“, - ასე ჰქვია ახალ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ და მისმა მეგობრებმა დააფუძნეს და რომლის მიზანიც პატიმრების რესოციალიზაციაა.

ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ პირებს, რომელთაც მღვდელმსახურის სტატუსი მიენიჭებათ, შესაძლებლობა ექნებათ მათთვის სასურველი პატიმარი თავისუფლად მოინახულონ დილის ათიდან საღამოს ექვს საათამდე.

ოღონდ საბუთის მიღებამდე, ორგანიზაციაში გაერთიანების მსურველებმა გასაუბრება უნდა გაიარონ და თუ „ბიბლიური მზრუნველობის“ დამფუძნებლები საჭიროდ ჩათვლიან, მათ მღვდელმსახურის სტატუსი მიენიჭებათ.

„ავუხსნით უსაფრთხოების რა წესების გავლა მოუწევთ საპატიმროში შესვლისას, როგორ უნდა მოიქცნენ, რა უნდა შეიტანონ და რა არა, რომ მაგალითად, იქ უნდა გაჩხრიკონ და ა. შ.“, - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, როგორ წარმოუდგენიათ ამ გზით პატიმრების რესოციალიზაცია, მათი ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ალექსანდრე კობაიძემ გვიპასუხა, რომ დღეს პატიმრის ნახვის უფლება აქვს მხოლოდ ოჯახის წევრს, სახალხო დამცველს და პარლამენტის წევრს. პატიმრების სხვა ახლობლებისა და მეგობრებისთვის ამ შესაძლებლობის მიცემა კი მათ საზოგადოებისგან გარიყულობის შეგრძნებას შეუმსუბუქებს.

ორგანიზაციას სახელი მისმა დამფუძნებლებმა „მრავალფეროვნების ნიშნით“ უწოდეს - „რომ არავინ დაბრკოლდეს და მასში თავისუფლად გაერთიანდეს“.

რელიგიური ორგანიზაციის მიზანი, როგორც კობაიძე ამბობს, მხოლოდ პატიმრების უფლებების დაცვაა და „ღრმა ფილოსოფიურ-რელიგიურ სიღრმეებში არ ჩავლენ“.

ალექსანდრე კობაიძეს ჩვენ ასევე ვკითხეთ, რა მოლოდინი აქვს, ვის შეიძლება სურდეს გახდეს რელიგიური მსახური იმისთვის, რომ ციხეში შესვლა თავისუფლად შეძლოს. მან თქვა, რომ ამის სურვილი უკვე ბევრმა ადამიანმა გამოთქვა - მათ შორის, პატიმრების მეგობრებმა, ნათესავებმა და ბიზნესპარტნიორებმაც კი.

„ჩვენ ვიპოვეთ ეს სამართლებრივი ხვრელი, რომლითაც კი არ შევზღუდავთ პატიმრების მონახულებას, არამედ პირიქით. და თუ არ შეუშვებენ მათ ციხეში, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვაყოლებთ. თუ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს შეუძლიათ ციხეში პატიმრებთან შესვლა, ჩვენსას რატომ უნდა უთხრან უარი“, - გვითხრა კობაიძემ.

ახალგაზრდების ჯარიდან თავდასახსნელად, რელიგიური ორგანიზაცია, ცოტა ხნის წინ, „გირჩმაც“ დააფუძნა. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მიზანი, როგორც ცნობილია, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაა.

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი ამბობს, რომ წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის ან მღვდელმსახურია ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG