Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კაბელების საქმის" ადვოკატი პარლამენტის თავმჯდომარის გამოკითხვას ითხოვს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებულთა ადვოკატმა, ლევან სამუშიამ გენერალურ პროკურატურას მიმართა, კანონის ჩარჩოებს დაუბრუნდეს და პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად დაინტერესდეს, საიდან ჰქონდა პარლამენტის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს წვდომა გრიფით საიდუმლო საქმის მასალებზე. სამუშია მოითხოვს პროკურატურაში კობახიძის გამოკითხვას, და გენერალურ პროკურორს მოუწოდებს, საკითხით პირადად დაინტერესდეს.

"60 ტომზეა საუბარი. პროკურატურამ გაავრცელა ამის 0,01 პროცენტი და თურმე კობახიძე გაეცნო სრულყოფილად და დაასკვნა, რომ ხალხი იყო დამნაშავე“ - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან სამუშიამ. ადვოკატმა სასაცილო უწოდა კობახიძის განცხადების გამართლებას იმით, რომ მას ინფორმაცია ჰქონდა საქმის მხოლოდ გასაჯაროებული დოკუმენტების შესწავლით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 5 თებერვალს „TV პირველს“ განუცხადა, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნობის პერიოდში „კაბელების საქმეში“ ჩაიხედა და სამართლებრივი ანალიზით დაასკვნა, რომ მოხდა მკაფიოდ გამოხატული დანაშაული და საუბარი იყო მილიონების მითვისებაზე. ამასთან, კობახიძის თქმით, მსჯავრდებულებს ფული არ წაუღიათ და როგორც ჩანს, რეალურ დამნაშავეს პასუხი არ უგია.

6 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 2014 წლის 25 ნოემბრის შემდეგ „კაბელების საქმის“ მასალების 90%-ზე მეტი იყო არასაიდუმლო, სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ კი, საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, პროკურატურამ მიზანშეწონილად მიიჩნია გაესაჯაროებინა საქმის მტკიცებულებების ნაწილი და 2016 წლის 19 მაისს, საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა საქმის არასაიდუმლო დოკუმენტების დიდი ნაწილი, რომელიც იძლეოდა შესაძლებლობას დაინტერესებულ პირს მიეღო სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი.

2016 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები გიზო ღლონტი, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე და გიორგი ლობჟანიძე დამნაშავედ ცნო 4 მილიონზე მეტის გაფლანგვაში და შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, 2017 წლის იანვარში, სააპელაციო სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო არა სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებიდან მალევე ყველა მსჯავრდებული პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

XS
SM
MD
LG