Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BBC: მოსკოვი თბილისისგან ითხოვს რუსი ჰაკერის ექსტრადიციას


გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობის ადგილი
გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობის ადგილი

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიციის მიზნით - ამის შესახებ BBC იუწყება. მისი ორი წყაროს ინფორმაციით, თბილისში მიმართვა ჯერ კიდევ 2018 წლის 26 ნოემბერს გაიგზავნა, თუმცა, ეს ფაქტი ცნობილი მხოლოდ ახლახან გახდა.

იაროსლავ სუმბაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2018 წლის 5 ნოემბერს, თბილისში დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის და ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით. სუმბაევი ამჟამად სასჯელაღასრულების მე-8 დაწესებულებაში იმყოფება. დაკავებიდან მალევე იაროსლავ სუმბაევმა საქართველოს პოლიტიკური თავშესაფარი თხოვა.

რუსეთში იაროსლავ სუმბაევის წინააღმდეგ საქმე აღძრულია თაღლითობის და დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის მუხლებით. გამოძიების ინფორმაციით, 2013-2014 წლებში სუმბაევის ხელმძღვანელობით მოქმედი ჰაკერების ჯგუფი ტურისტული სააგენტოების სახელით ყიდდა რკინიგზის ყალბ ბილეთებს. ამ საქმის გამომძიებელი ევგენია შიშკინა 2018 წლის 10 ოქტომბერს, მოსკოვის მახლობლად მოკლეს. რუს სამართალდამცავებს სუმბაევის დაკითხვა სურთ მკვლელობის საქმეზეც. ევგენია შიშკინას ოჯახის წევრთა ინფორმაციით, ის მკვლელობამდე იღებდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს გამოძიების შეწყვეტის მოთხოვნით.

BBC-ის ერთ-ერთი წყარო ვარაუდობს, რომ იაროსლავ სუმბაევს საქართველო რუსეთს აპრილამდე გადასცემს. ბრიტანული მაუწყებლის რუსულმა სამსახურმა გამოაქვეყნა წყაროს მიერ მიწოდებული ამონარიდი რუსეთის მიერ საქართველოში გაგზავნილი საექსტრადიციო დოკუმენტიდან, რომლის თანახმად, რუსეთის გენერალური პროკურატურა გარანტიას იძლევა, რომ სამართლებრივი დახმარების კონვენციის 66-ე მუხლის შესაბამისად, სუმბაევი პასუხისგებაში მიეცემა მხოლოდ იმ საქმეზე, რომლის გამოც ექსტრადიციაა მოთხოვნილი.

იაროსლავ სუმბაევის ყოფილმა ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ BBC-ის უთხრა, რომ სუმბაევი კიბერდანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა, კატეგორიულად უარყოფს კავშირს გამომძიებლის მკვლელობასთან.

XS
SM
MD
LG