საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით 2014 წლის 25 ნოემბერს, სისხლის სამართლის საქმის მასალებს მოეხსნა გრიფი საიდუმლო.
კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა, როგორც ერთადერთმა კომპეტენტურმა ორგანომ, საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს და პროკურატურის მიმართვის შემდეგ, შეისწავლა საქმის მასალები და დასაშვებად მიიჩნია გრიფის მოხსნა, გარდა იმ ნაწილისა, რომლებიც შეიცავს ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციას. 2014 წლის 25 ნოემბრის შემდეგ სისხლის სამართლის საქმის მასალების 90%-ზე მეტი იყო არასაიდუმლო.
ე.წ. „კაბელების საქმეზე“ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, პროკურატურამ მიზანშეწონილად მიიჩნია გაესაჯაროებინა საქმის მტკიცებულებების ნაწილი და 2016 წლის 19 მაისს, საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.pog.gov.ge - გამოქვეყნდა სისხლის სამართლის საქმის არასაიდუმლო დოკუმენტების დიდი ნაწილი, რომელიც იძლეოდა შესაძლებლობას დაინტერესებულ პირს მიეღო სრულყოფილი ინფორმაცია თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ.
2016 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით და მათ თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და 2 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა მიესაჯათ.
2017 წლის 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება და ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. თითოეულ მათგანს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
უზენაესმა სასამართლომ არ განიხილა არც ერთი მხარის საჩივარი და ამიტომ, საქმეზე ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.