Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ითხოვს იგორ გიორგაძე ლაშა ტუღუშისგან?


თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება დავა უშიშროების ყოფილ მინისტრს იგორ გიორგაძესა და გამოცემა DFwatch-ის მთავარ რედაქტორს, მედიაექსპერტ ლაშა ტუღუშს შორის. მორიგი სასამართლო სხდომა 31 იანვარს გაიმართა. გიორგაძე ტუღუშს ცილისწამების ბრალდებით ედავება. უშიშროების ყოფილი მინისტრი მოითხოვს შესწორდეს ონლაინ გამოცემაში გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატია, რომელშიც საუბარი იყო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებულ ტერაქტსა და მასში მონაწილე პირებზე.

ამ სტატიის სათაურში იგორ გიორგაძე მოხსენიებულია „ქვეყნის ნომერ პირველ მტრად“ და მასში საუბარია იმაზე, რომ ინტერპოლი მას აღარ ეძებს.

როგორც რადიო თავისუფლებას ლაშა ტუღუშის ადვოკატმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, მარიამ გოგოსაშვილმა განუმარტა, გიორგაძე, პირველ რიგში, სწორედ ამ შეფასებას აპროტესტებს. თუმცა, იურისტის განცხადებით, ეს მხოლოდ შეფასება და მოსაზრებაა და სასამართლოს მხრიდან ფაქტად არ უნდა შეფასდეს. „მოსაზრებას და შეფასებას საქართველოში იცავს გამოხატვის თავისუფლება“, - გვითხრა ადვოკატმა.

იგორ გიორგაძე დაობს იმის გამოც, რომ ის არასოდეს ყოფილა ამ საქმეში ბრალდებული და არც გაუმტყუნებიათ, თუმცა, როგორც მარიამ გოგოსაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მათ სასამართლოზე მტკიცებულებად წარმოადგინეს ამ გახმაურებული საქმის პროკურორის, გიგლა აგულაშვილის ინტერვიუ, სადაც ის ადასტურებს, რომ გიორგაძე იყო ამ საქმეში ბრალდებულიც და მის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენიც გამოიტანა.

დაცვის მხარე ასევე აცხადებს, რომ გიორგაძის სარჩელი ვადების დარღვევითაა შეტანილი და მისი ხანდაზმულობის ვადა გასულია.

„ეს არ არის რიგითი ამბავი. საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტზე განხორციელებულ ტერაქტს, რომელიც თითქოს ყველამ მიივიწყა. როდესაც ინტერპოლმა შეწყვიტა გიორგაძის წითელი ცირკულარით ძებნა, ჩვენ ეს თემა, ცხადია, გავიხსენეთ და აღმოჩნდა, რომ ერთი შეხედვით ძველი თემა არც ისე ძველია. ახლაც აქტუალურია, პროცესი გრძელდება და როგორც ჩანს, ბატონ გიორგაძეს საქართველოში ჩამოსვლაც სურს. სწორეს ის არის ის ადამიანი, რომელმაც ლუგარის ლაბორატორიის თემა აწია. გიორგაძე ერთ-ერთი ის ადამიანია ქართველებიდან (მეორე მიხეილ სააკაშვილია) რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ციტირებს. მე მგონია, რომ არც ის ტერაქტის საქმე უნდა დავივიწყოთ და იმ კითხვაზეც უნდა გავცეთ პასუხი, რატომ გახდა ეს ადამიანი დღეს ასე აქტუალური“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლაშა ტუღუშმა.

ის და მისი ადვოკატი მოელიან, რომ სასამართლო მათ მხარეს დაიჭერს.

„საიტი მართალია“, - ამბობს ლაშა ტუღუში.

იგორ გიორგაძის ინტერესებს საქართველოში ადვოკატი გაგი მოსიაშვილი იცავს. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გიორგაძე გახმაურებული ტერაქტის საქმეზე ბრალდებული იყო, თუმცა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოს არ გამოუტანია. მისი სიტყვებით, სწორედ ამ ინფორმაციის შესწორებას სთხოვდნენ ლაშა ტუღუშსა და მის გამოცემას, რისი დაუკმაყოფილებლობის შემდეგაც გიორგაძემ სასამართლოს გზით დავა აირჩია.

„დღეს საქალაქო სასამართლოში გიორგაძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ ამ გამოცემამ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, ასევე დარღვეულია უდანაშაულობის პრეზუმფცია. არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის ეს პირი. ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად მისი ეროვნებისა, რასის, სქესის, პოლიტიკური მრწამსის თუ რელიგიური შეხედულებებისა, ყველას მიმართ ადეკვატური და სამართლიანი შეფასებები უნდა გაკეთდეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გაგი მოსიაშვილმა.

რაც შეეხება იგორ გიორგაძის საქმეს, როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, გიორგაძე დღეს ბრალდებულის სტატუსს ატარებს, თუმცა მოცულობით საქმეში, რომელიც ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის მოწყობას შეეხება, არ არსებობს არანაირი მტკიცებულებები, რომელიც მის დანაშაულზე მიუთითებს. ეს საქმეც, სხვა მრავალი საქმის მსგავსად, ამბობს გაგი მოსიაშვილი, თაროზე იყო შემოდებული და დაიძრა მას შემდეგ, რაც 2012 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაავალდებულა საგამოძიებო ორგანოები ყველა თაროზე შემოდებული საქმის ბრალდებულს ჰქონოდა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

რაც შეეხება გიორგაძე-ტუღუშის საქმეში საბოლოო გადაწყვეტილებას, მოსამართლე განაჩენს 7 თებერვალს გამოაცხადებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG