Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორმუღანლოდან გატაცებული გოგო იპოვეს


სოფელ იორმუღანლოდან ორი დღის წინ გატაცებული 18 წლის გოგო პოლიციამ იპოვა და შინ დააბრუნა. შსს-ს პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ გამტაცებელი დაკავებულია და მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის 143-ე მუხლითაა აღძრული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ეს არ არის ცოლად მოყვანის მიზნით გოგონების გატაცების პირველი შემთხვევა. გასული წლის ოქტომბერში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ სოფელ ლამბალოდან გატაცებულ 17 წლის მოზარდს, რომელიც ადგილობრივმა ახალგაზრდამ ცოლად მოყვანის მიზნით სახლიდან ძალით წაიყვანა.

სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ მოტაცების შემთხვევებში, არსებული სტერეოტიპული შეხედულებების გავლენით, გოგონები ხშირად იძულებულები ხდებიან გამტაცებელზე დაქორწინდნენ. საქმე ოჯახების მორიგებით სრულდება ხოლმე, მოწმეები კი არცთუ იშვიათდ უარს ამბობენ სამართალდამცავ უწყებასთან თანამშრომლობაზე.

„ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. აქვე პრობლემად რჩება ისიც, რომ მოტაცების შემთხვევაში სამართალდამცავი უწყების მიერ დროულად ვერ ხდება ადგილსამყოფელის დადგენა და ამის არაერთი შემთხვევა არსებობს. ეს, რა თქმა უნდა, არსებით გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გადაწყდება მოცემული შემთხვევა ისევ და ისევ საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების გამო“, - გვითხრა ეკა სხილაძემ.

ქალთა უფლებების დამცველები მიიჩნევენ, რომ ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების, ასევე ქორწინების იძულების პრობლემის აღმოსაფხვრელად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება:

  • საზოგადოებასთან მუშაობა
  • ცნობიერების ამაღლება.
  • ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე ეფექტური და დროული რეაგირება.

ეკა სხილაძემ გვითხრა, რომ მოტაცების შემთხვევების რეგისტრირებული მაჩვენებელი მაღალი არ არის, თუმცა ქორწინების იძულების გამოვლენა საკმაოდ პრობლემურია. დღეს საქართველოში უფრო ხშირია ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG