თბილისის მერია ავრცელებს ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს. ირაკლი ხმალაძის განმარტებით, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობას არ გამოავლენდა:
„საუბარი იყო იმაზე, რომ კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული არ იყო. ექსპლუატაციაში მიღება არაფერს ცვლიდა, რადგან შენობა ამისთვის უკვე მზად იყო. გაზის სისტემის უსაფრთხოებას მერიის მხრიდან ექსპლუატაციაში მიღება არ ადგენს. ეს ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული, რამდენადაც ისინი დისტრიბუციის ლიცენზიანტებს წარმოადგენენ. მხედველობაში მაქვს გაზი და ელექტროენერგიაც. არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო პასუხისმგებლობებზე, მაგრამ ცხადია, რაც გაკეთდა, არ იყო სწორი. დიდი ტრაგედია მივიღეთ. ამას უმოკლეს დროში გარემოებების შესწავლა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შესაბამისი დასკვნების გაკეთება სჭირდება“, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.
თბილისის მერიის განცხადებით, ენერგომატარებლების - წყლის, ელ. ენერგიის თუ ბუნებრივი აირის კორპუსში შეყვანა ექსპლუტაციაში მიღების პირდაპირი ნაწილი არ არის. ამ პროცედურის სტანდარტების დაცვას მშენებელს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია სთხოვს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული კანონდებლობა უშვებს შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე შესახლების შესაძლებლობას. მისი თქმით, პროცედურაში მცირე გადახვევაც კი გაჭიანურებას იწვევს, მოსახლეობას კი ხშირად სჭირდება საცხოვრებელი. შესაბამისად, ისინი იღებენ შესვლის გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, თუკი მერია დაინახავს, რომ ეს პრაქტიკა საფრთხის შემცველია, ისინი კანონმდებლობას გადახედავენ.
შენობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება.