დღეიდან შევიდა ძალაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს შემაკავებელი და დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას.
ცვლილების თანახმად,წარსულში ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი განხილული იქნება, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
გამკაცრდა სასჯელი არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი ოჯახური და დისკრიმინაციული დანაშაულისათვის. ასევე, ოჯახში ძალადობა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, სასჯელად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა გენდერის ნიშანი მკვლელობის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანაში და გენდერული ნიშნით აღნიშნული დანაშაულების ჩადენა ისჯება უფრო მკაცრად.