Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი: თავიანთი ბატალიონებით ცხვირს ვერსად შეყოფენ


რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა „კომსომოლსკაია პრავდამ“, გამოცემასთან ინტერვიუში ლავროვი რუსეთ-საქართთველოს ურთიერთობებზეც საუბრობს.

„კომსომოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტი მიმართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს: „თვითონ ქართველები გვთავაზობენ ჩავკეტოთ საზღვარი, შევწყვიტოთ ვაჭრობა და ფულადი გზავნილები, ვიდრე არ დაიხურება ბაზა, რომელსაც რუსეთს ცხვირწინ უშენებენ. ისინი ამბობენ, რომ არანაირი პოლიტიკა არ გაგვაჩნია საქართველოს მიმართ. ჩვენ უბრალოდ გვიხარია, რომ იქ არ არის მ. ნ. სააკაშვილი. მის გარდა იქ მშვიდად, ძალიან დიდი რაოდენობით ანტირუსული ძალები მუშაობენ“.

სერგეი ლავროვი: „მაშ ასე, წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ გავწყვიტეთ ურთიერთობები, რომლებსაც ბოლო წლებია ვამყარებთ. თავიდან გვქონდა ჩარტერული რეისები, შემდეგ რეგულარული რეისები დაიწყო, შემდეგ მათი რაოდენობა გაიზარდა - თბილისი, მოსკოვი, სანკტ პეტერბურგი, ეკატერინბურგი, ქუთაისი. დაფრინავს ტურისტებით სავსე თვითმფრინავები. ვაჭრობა მაღალ დონეზეა. მე მგონი, ახლა საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი ვართ. სამოქალაქო საზოგადოების დონეზე რეგულარულად ტარდება ღონისძიებები. ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, საუბრობენ, ცდილობენ გაიაზრონ სად ვიმყოფებით ახლა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი განაწყენებული მეგობრების ხათრით, ეს ყველაფერი გავწყვიტოთ. ბაზა კი მაინც ააშენეს, ბატალიონები მოამზადეს, ბიოლაბორატორიაც მუშაობს. და რა?“, - ეკითხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტს, რომელიც მისგან დაჟინებით ითხოვს დუმილის დარღვევას და საქართველოსთვის პასუხის გაცემას იმისთვის, რასაც თვითონ აკვირდება და აი, რას ხედავს ჟურნალისტი: „რაც შეეხება საქართველოს, შოკში ვარ, როგორ გავუშვით ხელიდან ვითარება. საქმე იმაშია, რომ ანაკლიაში, სოჭიდან ორ ნაბიჯში, ამერიკელები ღრმაწყლიან პორტს აშენებენ. ადრე იქ იგეგმებოდა წყალქვეშა გემები, ბირთვული წყალქვეშა გემები, რაც უკიდურესად საშიშია ჩვენთვის. თბილისთან ახლოს ნატოს ბაზა შენდება. უკვე ოფიციალურად მოეწერა ხელი დეკლარაციას. აღარაფერს ვამბობ ბიოლაბორატორიებზე - იქ უკვე სამი ლაბორატორიაა. ამერიკელები ამზადებენ ცხრა მოტოქვეით ბატალიონს. ჩემს შეკითხვაზე „ვის წინააღმდეგ?“, მიპასუხეს: „ჩვენი მტრების - რუსეთის წინააღმდეგ“. საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე განაცხადა, რომ მთელი ძალებით შეეცდება ბრძოლას რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ძალიან სერიოზული ვითარებაა, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელებმა ვერ შეძლეს ყირიმში შესვლა და იქ თავისი სამხედრო-საზღვაო ბაზის აშენება. ახლა ბაზას აგვიშენებენ გვერდით - აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე. ჩვენ კი ვდუმვართ. ქართველები, რომლებიც ჩვენს მხარეს არიან (იქ 40% რუსეთთან დაახლოების მომხრეა, 80% კი - დიალოგისა), გვეუბნებიან: „ხალხნო, თქვენ ჩვენ გვკვებავთ“. მაღაზიები იქ გამოტენილია ჩვენი პროდუქტით. 1,6 მილიონი ტურისტი ჩავიდა“, - წუხს „კომსომოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტი, რომელიც სერგეი ლავროვისგან საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლის გამოყენებას ითხოვს - „თუკი საქართველო ჩვენს ხარჯზე ცხოვრობს, ის გმინვას დაიწყებს, თუკი საჭმელი აღარაფერი ექნება“. ლავროვის პასუხი: “გარწმუნებთ, ისინი იპოვნიან არსებობის გზას. სხვა მხრიდან მივუდგეთ. თქვენ საქართველოს „მოხრჩობას“ გვთავაზობთ? რისთვის? ამბობთ, რომ მოსახლეობის 40% რუსეთთან კავშირის მომხრეა. თუკი გავწყვეტთ ურთიერთობებს, 2%-ად იქცევა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „ყველაზე სერიოზულ“ საკითხად „ბიოლაბორატორიებს“ განიხილავს და აგრძელებს: „თავიანთი ბატალიონებით ცხვირს ვერსად შეყოფენ. მათ ესმით, რომ ჩვენ სამოკავშირეო ურთიერთობები გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და არ დავუშვებთ თავდასხმას ჩვენს მოკავშირეებზე. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ: სომხეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთშიც არის ბიოლაბორატორიები. უკრაინასთან ამ თემაზე საუბარი უსარგებლო იქნება. საქართველოს ამ თემაზე ველაპარაკებით შესაბამისი ორგანიზაციების, აგრეთვე ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის ამკრძალავი კონვენციის მეშვეობით. ანალოგიურად - ყაზახეთსა და სომხეთს. ქართველებმა უკვე მიიწვიეს ჩვენი დიპლომატები თავიანთ ბიოლაბორატორიაში, იქაურობის გასაცნობად. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ, რადგან დიპლომატების დიდი ჯგუფი იყო მიწვეული. აღვნიშნეთ, რომ ლაპარაკია არა დიპლომატებზე, არამედ პროფესიონალებზე, რომლებმაც უნდა გაიგონ რა კეთდება ამ ბიოლაბორატორიაში. ვინაიდან ეს ექსპერიმენტები საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციასა და მეზობელ ქვეყნებს. პრინციპული მოსაზრებებიდან გამომდინარე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ისეთი საგარეო პოლიტიკის, რომელიც დაეფუძნება იმას, რომ, თუკი გაგვაცურეს, ურთიერთობები უნდა გავწყვიტოთ. მაშინ ურთიერთობები უნდა გავწყვიტოთ ამერიკასა და ინგლისთანაც“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთ მინისტრი „კომსომოლსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 17 დეკემბერს გამოქვეყნდა და რომელშიც სერგეი ლავროვი რუსეთის რბილი ძალის მნიშვნელობაზეც დეტალურად ლაპარაკობს.

XS
SM
MD
LG