Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია ძალზედ საპასუხისმგებლოს უწოდებს უკრაინის მოქალაქეთა საქმის გამოძიებას


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დაკავებული უკრაინის მოქალაქეების მოტივის გასარკვევად გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად. გახარიას თქმით, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეები კონცენტრირებულად, ჯგუფურად იმყოფებიან და ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იარაღიც აღმოჩნდება, შესაძლოა, ნებისმიერი ეჭვი გაჩნდეს. "თუმცა დღეს ჩვენ არაფერზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც არის მიმდინარე. ჩვენ კოლეგებთან, უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ვმუშაობთ და ვნახოთ, რა შედეგები იქნება“, - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ. შეკითხვას, აქვთ თუ არა დაკავებულებს კავშირი პოლიტიკურ ძალებთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „ეს არის ძალზედ საპასუხისმგებლო გამოძიება და ჩვენ აქ თითოეულ ნაბიჯს და სიტყვას ვზომავთ. რა თქმა უნდა, ასეთი ეჭვები არსებობს მათივე განცხადებებიდან, რომლებიც მათ გააკეთეს, მათ შორის დაკითხვების დროსაც, მათივე ვიზიტებიდან სხვადასხვა აქციებზე, მათ შორის თბილისში. ასეთი ეჭვი არსებობს, თუმცა, ეს დღეს მხოლოდ ეჭვია. დღეს გვაქვს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე. სად მიგვიყვანს გამოძიება ვნახავთ.” გიორგი გახარიას თქმით, თითოეულ სიტყვას ფრთხილად ზომავენ გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და არჩევნებთან დაკავშირებული პროცესები ძალზედ სენსიტიურია.

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში 3 დეკემბერს ღამით წაუყენეს ბრალი 2 დეკემბერს დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეს. მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. ადვოკატების ინფორმაციით, არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმროებში - „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე. შსს-ს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტები, ხელნაკეთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, უკრაინის მოქალაქეები საქართველოში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. სამინისტროს განცხადებით, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს მათი კონკრეტული მიზნების და ამოცანების დასადგენად და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად იკვლევენ, არიან თუ არა კავშირში უკრაინის და საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან.

უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „სამოპომიჩის“ წევრმა და ბატალიონ „დონბასის“ ყოფილმა მეთაურმა სემიონ სემენჩენკომ, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება, 3 დეკემბერს განაცხადა, რომ დაკავებულებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ქართული ოპოზიციის საპროტესტო აქციასთან და საქართველოში სტუმრობდნენ უკრაინაში მათთან ერთად მებრძოლი ქართველების ოჯახებს. სემენჩენკოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქესთან, ლუკა ჩხეტიასთან ერთად დაკავებულნი არიან უკრაინის მოქალაქეები დმიტრო კურაგინი, როლანდ მელია, ალექსანდრ ნოვიკოვი, იური კოროსტილიოვი, იგორ ორლენკო და სერგეი კლოტკო. თავად სემიონ სემენჩენკო, როგორც ამბობს, საქართველოში იმყოფებოდა საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად. სემენჩენკო უკრაინის და საქართველოს მოქალაქეთა დაკავებას პროვოკაციად აფასებს.

XS
SM
MD
LG