Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხურვალეთელთა შიშები


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალი მავთულხლართები დაამონტაჟეს და ამით საოკუპაციო ხაზი უფრო მეტად გაამაგრეს.

ხურვალეთელთა შიშები
please wait

No media source currently available

0:00 0:03:15 0:00
გადმოწერა

ხურვალეთს ოსური სოფელი ძუკაანთკარი ესაზღვრება. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სწორედ ამ ორ სოფელს შორის არსებულ ეგრეთ წოდებულ საზღვარზე გაამაგრეს ძველი ბარიერი ახლით და ლითონის ღობეზე დაახლოებით 50 მეტრი სიგრძის მავთულხლართები დაამონტაჟეს. ხურვალეთის მცხოვრები ლუდა სალია ამბობს, რომ ბოლო დროს სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხშირად ჩნდებიან, შეინიშნება ასევე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს.

ხურვალეთსა და ძუკაანთკარში ერთმანეთის ნათესავები ცხოვრობენ და რუსეთის მესაზღვრეებისგან მალულად ზოგოერთები ერთმანეთთან მიმოსვლასაც ახერხებს. როგორც ჩანს, ეს გახდა იმის მიზეზი, რომ საოკუპაციო ძალებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა დაიწყეს. ხურვალეთელების აზრით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ ქმედებით ადამიანების ერთმანეთთან მიმოსვლას ეწინააღმდეგებიან. ადგილობრივი მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ ამის შემდეგ ნათესავებს შორის მიმოსვლა შემცირდება. ამას დაკავებულთათვის გაზრდილი ჯარიმებიც დაემატა. ხურვალეთის მცხოვრებ ნელი გაზაშვილს ნათესავები ძუკაანთკარში ჰყავს, თუმცა, დიდი ხანია, ისინი არ უნახავს, რადგან მესაზღვრეები მეზობელ სოფელში გადასვლას უკრძალავენ.

ერთი კვირის წინ ატოცში - ახლა კი ხურვალეთშიც - საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბარიერების დამონტაჟებასა და გამაგრებას საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს „ერგნეთის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლია ჩლაჩიძე. მისი აზრით, რუსეთის ინტერესშია, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის პროცესში ადგილობრივი საზოგადოება მუდმივად დაძაბული იყოს.

სოფელ ხურვალეთში ადგილობრივი მოსახლეობა, დიდი ხანია, დაძაბულ რეჟიმში ცხოვრობს. რამდენიმე კვირის წინ ადგილობრივი მცხოვრების, მაია ოთინაშვილის, დაკავებამ შიში უფრო გააძლიერა. ამას ემატება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მუდმივი სამხედრო წვრთნები, რა დროსაც სროლისა და აფეთქებების ხმა ქართულ სოფლებშიც ესმით. გარდა ამისა, ხურვალეთელები ყოველდღე ხედავენ, ცხინვალი- ახალგორის შემოვლით გზაზე როგორ გადაადგილდებიან რუსეთის ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა.

XS
SM
MD
LG