თბილისში, პარლამენტის შენობასთან გრძელდება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამების, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია. მათ ღამე კარავაში გაათენეს. სარალიძე და მაჩალიკაშვილი აცხადებენ, რომ მათი შვილების მკვლელების პასუხისგებაში მიცემამდე აქციას არ შეწყვეტენ.
დღეს აქცია იგეგმება პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთანაც. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ახლოვდება მისი შვილის დაბადების დღე და პანკისის ხეობიდან ელოდება მხარდამჭერების ჩამოსვლას. მაჩალიკაშვილის თქმით, აქცია გაიმართება იმ ოფისთან, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი მუშაობს. გოგაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შტაბში მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობს. სოსო გოგაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ადანაშაულებს 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის არასწორად დაგეგმვასა და განხორციელებაში.