გასულ წელს პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე "კარვებით დავიცავთ თავისუფლებას". სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებული ამ აქციის მიზანია მოკლული მოზარდების მამების, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა.
მაჩალიკაშვილმა ემოციურ გამოსვლაში ხელისუფლებას მოუწოდა, დასაჯოს მისი და სარალიძის შვილების მკვლელები.
მანამდე აქციაზე შეტაკება მოხდა მის ორგანიზატორებსა და პოლიციას შორის, რის დროსაც შეუძლოდ გახდნენ ზაზა სარალიძის დედა და შემდეგ თავად სარალიძე. ორივე საავადმყოფოში წაიყვანეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟით.
მოგვიანებით აქციის ორგანიზატორებმა შეძლეს პარლამენტის წინ რამდენიმე კარვის გაშლა. აქცია გრძელდება.