Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაგროვებითი პენსია - რა უნდა ვიცოდეთ


პირველი იანვრიდან ამოქმედდება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს პენსიისთვის თავადაც შეინახოს თანხა. საპენსიო შენატანების ადმინისტრირება საპენსიო სააგენტოს ევალება. რა უნდა ვიცოდეთ დაგროვებითი პენსიის შესახებ? რადიო თავისუფლება სააგენტოს დირექტორს, ლევან სურგულაძეს, ესაუბრა.

როგორ ვაგროვებთ პენსიას?

თუ პენსიის დაგროვებას გადაწყვეტთ, ფონდში შემოსავლის 4 %-ის გადახდა მოგიწევთ, სახელმწიფო კი 2 %-ს დაგიმატებთ.

დამსაქმებელი იხდის დარიცხული ხელფასის 2 %-ს, დასაქმებულიც - 2 %-ს და სახელმწიფოც - 2%-ს. მაგალითად, თუ თქვენი ხელფასი 1 000 ლარია, დამსაქმებელი საპენსიო ფონდში გადაიხდის 20 ლარს, თქვენ, ანუ დასაქმებული, ასევე - 20 ლარს და სახელმწიფოც -20 ლარს. ეს, საბოლოოდ, თვეში 60 ლარი გამოვა.

ამ სქემიდან არსებობს გამონაკლისიც:

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ხელფასი ან/და (შემოსავალი) წელიწადში 24 ათას ლარს გადააჭარბებს, სახელმწიფო მხოლოდ 1 პროცენტს გაიღებს, ხოლო თუ 60 ათას ლარზე მეტია, სახელმწიფო თავის წილს საერთოდ აღარ იხდის.

შეგიძლიათ თუ არა უარი თქვათ დაგროვებაზე?

ყველას არა.

თუ დასაქმებული ხართ და ჯერ კიდევ არ შეგსრულებიათ 40 წელი, თქვენ ვალდებული ხართ მონაწილეობა მიიღოთ დაგროვებითი პენსიის სქემაში.

თუ 40 წლის უკვე ხართ, სავალდებულოა სქემაში ჩართვა, თუმცა 2019 წლის 1 აპრილიდან - 1 ივნისის შუალედში შეგიძლიათ პროგრამის დატოვება. ამისთვის სააგენტოს სახელზე განცხადება უნდა დაწეროთ, უკვე დაგროვებული თანხა კი უკან დაგიბრუნდებათ თქვენც, დამსაქმებელსაც და სახელმწიფოსაც.

სახელმწიფო ჩვეულებრივად გიხდით პენსიას, მიუხედავად იმისა, სარგებლობთ თუ არა დაგროვებითი პენსიით.

თუ ისევ გადაიფიქრეთ, შეგიძლიათ პენსიის დაგროვების პროცესში კვლავ ჩაერთოთ, თუმცა ამის შემდეგ მასზე უარის თქმას ვეღარ შეძლებთ.

თუ უკვე შეგისრულდათ 60 (კაცის შემთხვევაში) - 55 (ქალის შემთხვევაში) წელი, თქვენთვის დაგროვებითი პენსიის სისტემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

გეხებათ თუ არა ეს კანონი თვითდასაქმებულებს?

გეხებათ. თუ პენსიის დაგროვებას გადაწყვეტთ, ფონდში შემოსავლის 4 %-ის გადახდა მოგიწევთ, სახელმწიფო კი 2 %-ს დაგიმატებთ.

რჩება თუ არა სხვა პენსიაც?

კი, რჩება. სახელმწიფო ჩვეულებრივად გიხდით პენსიას (ამჯერად 180 ლარი), მიუხედავად იმისა, სარგებლობთ თუ არა დაგროვებითი პენსიით.

რას დააგროვებთ?

ეს დამოკიდებულია თქვენს ხელფასზე და იმ ასაკზე, რა ასაკიდანაც დაიწყებთ შეგროვებას.

როგორ გადანაწილდება პენსია?

თუ მხოლოდ 5 წელი იყავით ამ სქემაში, პენსიაზე გასვლისას შეგიძლიათ თანხა ერთბაშად გაიტანოთ.

საპენსიო სააგენტო სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. დაგროვებული პენსია არის კერძო საკუთრება. მასზე წვდომა არა აქვს არც სასამართლოს, არც ბანკს. არ შეიძლება ამ თანხის ჯარიმის დასაფარად გამოყენება.

სხვა შემთხვევაში პენსიაში გასვლის დროს დაგროვილი თანხა გადანაწილდება დროზე, რომელიც იმ მომენტისთვის მიჩნეული იქნება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობად. მაგალითად, თუ სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2030 წელს დაადგენს, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცის შემთხვევაში 75 წელია, პენსიაზე 65 წლის ასაკში გასულ მოქალაქეს თანხა 10 წელზე გადაუნაწილდება და ყოველთვიურად აიღებს.თუ თანხის სრულად ათვისება ვერ მოახერხეთ, ის გადაეცემა მემკვიდრეს.

ხომ არ დავკარგავთ ფულს?

საპენსიო სააგენტო სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. დაგროვებული პენსია არის კერძო საკუთრება. მასზე წვდომა არა აქვს არც სასამართლოს, არც ბანკს. არ შეიძლება ამ თანხის ჯარიმის დასაფარად გამოყენება. თანხებს ფასიან ქაღალდებში ეკონომისტები დააბანდებენ. სააგენტო ფულის დაბანდების სამ ვარიანტს შემოგთავაზებთ. აქედან ერთი დაბალრისკიანი, მეორე საშუალო რისკის შემცველი, მესამე კი მაღალ რისკთან დაკავშირებულია. პირველი ხუთი წლის განმავლობაში პენსიის დამგროვებელს მხოლოდ დაბალრისკიანი პორტფელის არჩევა შეეძლება, შემდეგ კი უკვე - სურვილისამებრ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG