„დღეს დილიდან, ანონიმური წყაროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი ინფორმაცია. საეჭვო კერძო ბლოგიდან დეზინფორმაციის გავრცელება კლასიკური მცდელობაა ჩრდილი მიაყენონ საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც განსაკუთრებულად ბოლო წლებში უაღრესად პოზიტიურად ვითარდება და ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მაღალ ნიშნულზეა“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო უაღრესად წარმატებული და ამ ვიზიტის კვალდაკვალ აშშ-საქართველოს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ მასშტაბებს შეიძენს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით.
ბლოგის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტის დროს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს მოსთხოვა აეხსნა, როგორ აღმოჩნდა რუსეთში საქართველოსთვის გადმოცემული ჯაველინების ტიპის იარაღი და ამის შემდეგ საქართველოს მთავრობა აშშ-სთან პარტნიორობის შეწყვეტის საფრთხის შესახებ გააფრთხილა. თეთრი სახლის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ავტორი აცხადებს, რომ ბოლტონის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაგეგმილი არ იყო და იგი გადაუდებელი საჭიროების გამო გაიმართა.