საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე; ის არასოდეს ყოფილა ასეთი მაღალი დონის და რაც მთავარია - ყოვლისმომცველი“. სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯონ ბოლტონთან შეხვედრისას განხილული იყო ყველა საკითხი, რომელზე საუბარიც ვაშინგტონში მისი ვიზიტისას დაიწყო. „შევეხეთ საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხებს, როგორიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა და ის სამშვიდობო ინიციატივები, რომლებიც ამ გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ შესაძლო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღებაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის, რომელიც ორმხრივ ურთიერთობას პრინციპულად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ვისაუბრეთ რეგიონულ კონტექსტისა და უსაფრთხოების არქიტექტურაზე, რომელიც უნდა იყოს საქართველოში, რათა ჩვენ ღირსეულად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ჯონ ბოლტონი არის საქართველოს ერთგული მეგობარი. მას აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ შეიძლება გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად სტრატეგიული, კიდევ უფრო კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული და მინდა, მას მადლობა გადავუხადო ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ჯონ ბოლტონთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს პრემიერი: აშშ-თან ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ასეთი მაღალი დონის და ყოვლისმომცველი
ყველაზე პოპულარული
1