აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი დღეს ერევანში შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები განიხილავენ აშშ-ის და სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს და ყარაბაღის პრობლემას.
ჯონ ბოლტონი ერევანში ჩავიდა ბაქოდან, სადაც 24 ოქტომბერს შეხვდა აზერბაიჯანის მთავრობის წევრებს და პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. აზერბაიჯანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამედიაროვმა ჯონ ბოლტონთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხეთი განაგრძობს აზერბაიჯანის ტერიტორიის - ყარაბაღის ოკუპაციას. მამედიაროვის თქმით, მშვიდობის მისაღწევად ერევანმა ყარაბაღიდან უნდა გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები და შეიქმნას პირობები დევნილთა დასაბრუნებლად. ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, აშშ-ს ჯერჯერობით არ აქვს ახალი წინადადებები. ბოლტონმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში იმყოფება სხვადასხვა პრობლემის უკეთ გასაგებად და შესასწავლად. ბოლტონის ინფორმაციით, ბაქოში შეხვედრებზე განხილული იყო სხვა რეგიონული საკითხებიც, მათ შორის აშშ-ის ძალისხმევა აღკვეთოს ორანის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერა. ჯონ ბოლტონის თქმით, განხილული იყო სამხრეთის გაზის დერეფნის მსგავსი ეკონომიკური პროექტების განხორციელების საკითხიც.
26 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი საქართველოს ეწვევა.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტამდე ბოლტონი იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს პუტინს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ლავროვს და უშიშროების საბჭოს მდივანს, პატრუშევს.