Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში საჯარო მოხელის დასჯას სხვა მუხლით ითხოვენ


გორის მუნიციპალიტეტი
გორის მუნიციპალიტეტი

გორის საკრებულოს სხდომაზე დღეს ქალაქის მერის იმპიჩმენტის საკითხი არ დასმულა. საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარისგან მხოლოდ გასული ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს ანგარიში მოისმინეს, “ევროპული საქართველოს” წევრებს კი ხმაც არ ამოუღიათ. არადა, წინა დღეებში მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენებით ამ პარტიის წევრები იმუქრებოდნენ. ინტერნეტში კი გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის, გადაყენების მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. ამ დროისთვის ათასზე მეტი ხელმოწერაა შეგროვილი.

გადმოწერა

კონსტანტინე თავზარაშვილის გადაყენებას მისი განცხადებების გამო ითხოვენ, რომელიც რუსეთთან ომის დაწყებას ეხება და აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის მიმართ რასისტულ გამონათქვამს შეიცავს. არასამთავრობო სექტორი კი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, თემურ მანველიშვილის, დასჯასაც ითხოვს. მანველიშვილმა ორი დღის წინ სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს ნაგვით სავსე ვედრო ჩამოაცვა თავზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 126-ე მუხლით აღძრა, რაც ძალადობას გულისხმობს, საია კი მუხლის შეცვლას ითხოვს. ორგანიზაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის, ქეთი ბებიაშვილის, განცხადებით, მანველიშვილი მაქარაშვილს არაადამიანურად მოპეყრო და პოლიციაც გამოძიებას ამ მიმართულებით უნდა აწარმოებდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მანველიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით არის აღძრული. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

თემურ მანველიშვილის დასჯას, არასამთავრობო სექტორის გარდა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ითხოვენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კახა ლობჟანიძე ამბობს, რომ მოძალადე ადამიანები საჯარო სამსახურში არ უნდა მუშაობდნენ.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ბაგრი აცხადებს, რომ გორის მერმაც და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმაც საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადონ იმ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც მერიის წინ აქციას მართავდნენ.

გორელების ნაწილიც მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელემ შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა და ამის გამო პასუხი უნდა აგოს.

არც თემურ მანველიშვილი და არც გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მანველიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით არის აღძრული. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

XS
SM
MD
LG