Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის მერი ორი თანამდებობით - ოპოზიცია უნდობლობის პროცედურას იწყებს


გორი
გორი

გორის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” გორის მერს უნდობლობა გამოუცხადა და სამანდატო საპროცედურო კომისიას საკითხის შესწავლა მოსთხოვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბექა ქორჩილავას ინფორმაციით, გორის მერი რვა თვის განმავლობაში საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონს არღვევდა. ქორჩილავას თქმით, გორის მერი ერთდროულად ორ თანამდებობას იკავებდა - ხელმძღვანელობდა შპს. „მარინს“ და, ამავე დროს, იყო ქალაქის მერი.

გორის მერთან დაკავშირებული საკითხი

  • გორის მერთან დაკავშირებული საკითხი ქალაქის საკრებულოს ღია სხდომაზე მომავალი თვის დასაწყისში დადგება, საკრებულოს კომისიაში შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.
  • ქალაქში კიდევ ერთი ვერსია გაჩნდა: კონსტანტინე თავზარაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ შერჩეული კადრი იყო, კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი მის კადრებსაც წყალი შეუდგათ და ეს ზოგიერთი რეგიონის გუბერნატორსაც შეეხებაო.

კონსტანტინე თავზარაშვილი შპს. „მარინის“ დირექტორი 1996 წლიდან გახდა და ამ თანამდებობას 2018 წლის 20 ივნისამდე იკავებდა. თავზარაშვილი გორის მერად 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს. ეს ინფორმაცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჯარო რეესტრიდან ამოიღო. პარტიის წევრი ბექა ქორჩილავა მიიჩნევს, რომ მერის მიერ კანონდარღვევა აშკარაა, რაც მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საფუძველი უნდა გახდეს. ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოს თავმჯდომარე უკვე საქმის კურსში ჩააყენა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აცხადებს, რომ საკრებულოს შესაბამისი კომისია საკითხს უკვე სწავლობს და თვითმმართველობის ორგანო მხოლოდ და მხოლოდ კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი არ უარყოფს, რომ შ.პ.ს-ს ხელმძღვანელი იყო 1996 წლიდან, მაგრამ კომპანია არანაირ ოპერაციას აღარ ახორციელებდა და გამორჩა მერად არჩევის შემდეგ „მარინის“ დირექტორის პასუხისმგებლობა მოეხსნა. კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ ხარვეზი უკვე გამოასწორა და შ.პ.ს-ს ხელმძღვანელის თანამდებობა ამა წლის 20 ივნისს დატოვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი განმარტავს, რომ გორის მერის ორ თანამდებობაზე ყოფნის შემთხვევაში ირღვეოდა საქართველოს კანონი ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ და ამაზე შესაბამისმა ორგანოებმა რეაგირება უნდა მოახდინონ.

გორის მერთან დაკავშირებული საკითხი ქალაქის საკრებულოს ღია სხდომაზე მომავალი თვის დასაწყისში დადგება, საკრებულოს კომისიაში შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია. ამასობაში ქალაქში კიდევ ერთი ვერსია გაჩნდა: კონსტანტინე თავზარაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ შერჩეული კადრი იყო, კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი მის კადრებსაც წყალი შეუდგათ და ეს ზოგიერთი რეგიონის გუბერნატორსაც შეეხებაო.

XS
SM
MD
LG