რუსეთის ორი მოქალაქე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ბრალს სდებს გრუ-ს ყოფილ ოფიცერზე, სერგეი სკრიპალზე და მის ქალიშვილ იულიაზე თავდასხმაში, საიდუმლოდ იმყოფებოდა ჩეხეთში 2014 წელს. იმავე დროს ჩეხეთში იმყოფებოდა თავად სკრიპალი. ამის შესახებ „ჩეხეთის რადიო“ იტყობინება დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით. რადიოს თანახმად, სკრიპალი ჩეხეთში ვიზიტისას შეხვდა ჩეხეთის კონტრდაზვერვის წარმომადგენლებს და მათ კონსულტაცია ჩაუტარა რუსეთის შესაძლო ჯაშუშების გამოვლენის თემაზე.
„ჩეხეთის რადიო“ დარწმუნებულია, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ბრიტანეთის ხელისუფლებამ ამოიცნო როგორც ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, სკრიპალს უთვალთვალებდნენ. საგამოძიებო ჯგუფი "ბელინგკატი" ამტკიცებს, რომ ალექსანდრ პეტროვის ნამდვილი ვინაობაა ალექსანდრ მიშკინი. გამომძიებელთა თანახმად, მან სამედიცინო განათლება მიიღო ერთ-ერთ სამხედრო აკადემიაში და რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელია. რუსლან ბოშიროვი, როგორც ამტკიცებენ, არის რუსეთის მზვერავი ანატოლი ჩეპიგა.
„ჩეხეთის რადიო“ აღნიშნავს, რომ ეს ორი პირი ჩეხეთში იმყოფებოდა პეტროვისა და ბოშიროვის პასპორტებით. ჩეხეთის სპეცსამსახურებმა უარი თქვეს კომენტარზე. რუსეთის საელჩომ კი „ჩეხეთის რადიოს“ ოფიციალურ თხოვნაზე პასუხად განაცხადა, რომ ჩეხეთის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საკითხები ჩეხეთის ხელისუფლების კომპეტენციაშია.