Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური ინტრიგა უწოდა "ომეგა-ჯგუფის" ბრალდებებს


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქვეყანაში საერთაშორისო არბიტრაჟის შემოსვლას მიიჩნევს იმის კიდევ ერთ დასტურად რომ ქვეყანაში ბიზნესზე ზეწოლა არ არსებობს. ეს არგუმენტი პრემიერ-მინისტრმა მოიყვანა ზეწოლის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ ბრალდებებზე საუბრისას. დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა მამუკა ბახტაძეს ჰკითხეს, რომ იმ ფონზე, როცა მთავრობა მხოლოდ სიტყვიერად უარყოფს კლანური მმართველობის და კორუფციული გარიგებების არსებობას, რატომ არ ჩქარობს საქმის გამოძიებას, მათ შორის გავრცელებული აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დადგენას.

„არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პოლიტიკური შეფასებები, რომელთა უმრავლესობა სუბიექტურია“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მან ობიექტურ კრიტერიუმებს შორის დაასახელა მსოფლიოში ბიზნესის თავისუფლების რეიტინგი, რომელშიც 162 ქვეყანას შორის საქართველომ მეცხრედან მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა და შეთანხმება საერთაშორისო არბიტრაჟთან, რომელიც 20 დეკემბერს, პარიზში გაფორმდება.

„საქართველო იქნება მეორე ქვეყანა ევროპაში, რომელიც შემოიყვანს თავისუფალ საერთაშორისო არბიტრაჟს და მას მისცემს კომერციული დავების განხილვის უფლებას. საქართველოს მთავრობას რომ ბიზნესზე ზეწოლისკენ მიდრეკილება ჰქონდეს, ასეთ ნაბიჯს გადადგამდა?!“ - განაცხადა ბახტაძემ. რაც შეეხება გამოძიებას, პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ხელშეუხებელი არავინაა და კანონის უზენაესობაზე მაღლა არავინ დგას, მიმდინარეობს გამოძიება და მის ფარგლებში ყველა პროცედურა უნდა ჩატარდეს, მათ შორის ავთენტურობის დასადგენად.

„ჩემი, როგორც მოქალაქის შეფასებაა როცა კონკრეტულ მეწარმეს, ან საწარმოს აქვს პრობლემა და აქვს რეალური საფუძველი რომ ისაუბროს ზეწოლაზე, რა საჭიროა ამ ყველაფრისთვის პროცესის სახის მიცემა, როცა ყოველდღე სამხრეთ ამერიკული სერიალივით, ამ შემთხვევაში, ძალიან უნიჭო პროცესს ვუყურებთ. ადამიანი, რომელსაც სურს დაიცვას თავისი ბიზნესინტერესები მოიქცეოდა მარტივად - მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას ადვოკატის მეშვეობით გააცნობდა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, რათა დაეცვა თავისი ინტერესები. მაგრამ სამწუხაროდ ამ შემთხვევაში, ჩემი როგორც მოქალაქის შეფასებით, საქმე გვაქვს პოლიტიკურ ინტრიგასთან და იმასთან, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ საგადასახადო დავალიანებას თავი აარიდონ და შემოიტანონ დისკუსიაში ასეთი არასერიოზული საკითხები“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, გამოძიების პროცესში ყველას ექნება საშუალება დაამტკიცოს თავისი სიმართლე. პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული წვდომა ინფორმაციაზე, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება.

XS
SM
MD
LG