Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ მთავრობა "ომეგას" გადასახადების გადახდას ურჩევს


"იბერიის" თანამშრომლების საპროტესტო მსვლელობა. თბილისი, 2018 წლის 10 სექტემბერი
"იბერიის" თანამშრომლების საპროტესტო მსვლელობა. თბილისი, 2018 წლის 10 სექტემბერი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელ „ომეგა ჯგუფს“ კვლავ მოუწოდა, საბიუჯეტო დავალიანება გადაიხადოს. „გინდ ვიდეო ჰქონდეთ, გინდ აუდიო. ერთადერთი, რასაც ვადასტურებ არის დავალიანება ბიუჯეტთან, რომელიც 3 წლის განმავლობაში იზრდებოდა და ეს უნდა გაჩერებულიყო. კეთილი ინებონ და გადაიხადონ" - განუცხადა ჟურნალისტებს ივანე მაჭავარიანმა. დღეს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა სავარაუდოდ, სპორტის და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის საუბრის კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, რომელშიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, ყიფიანი ოქუაშვილს სთავაზობს პრობლემების მოსაგვარებლად გადაიხადოს სამი მილიონი, საიდანაც ნაწილი ბიუჯეტში შევა და ახსენებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს და ფინანსთა ყოფილ მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს. მანამდე ტელეკომპანიამ გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ყიფიანი და ოქუაშვილი ამავე თემაზე საუბრობენ და ნახსენებია ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი. 11 სექტემბერს მამაცაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ მისი სახელის გამოყენებას საეჭვოდ ცდილობენ და პროკურატურას გამოძიების დასაწყებად მიმართა. 12 სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მედიით გავრცელებული ჩანაწერების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მუხლით.

სააგენტო ინტერპრესნიუსს პროკურატურაში განუცხადეს, რომ გამოძიება დაინტერესდება მედიით დღეს გავრცელებული ჩანაწერითაც. „ლევან ყიფიანი, რომელიც ამჟამად თბილისში არ იმყოფება, 17 სექტემბერს გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში, ხოლო ზაზა ოქუაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, როგორც კი თბილისში დაბრუნდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

XS
SM
MD
LG