Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს 9 სექტემბრის სხდომის შემდეგ პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტიამ არჩევანი შეაჩერა დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე და საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს მას დაუჭერს. ეს არჩევანი ირაკლი კობახიძემ ასე ახსნა: „მიუხედავად იმისა, რომ გუნდში არაერთი ღირსეული ლიდერი გვყავს, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვება შეეძლო, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაქსიმალური პლურალიზმის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის თანამდებობა დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დავუთმოთ“.

ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილი ასე დაახასიათა: „ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის გამორჩეული ქართული ოჯახის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძისა და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალი. მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება. საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა. რამდენიმეწლიანი ოპოზიციური მოღვაწეობის პერიოდში ის თავგამოდებით იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, სამართლიანობის დასაცავად. ბოლოს ის იყო საქართველოს პარლამენტის ღირსეული წევრი და ყოველთვის გამოხატავდა თავის პრინციპულ დამოკიდებულებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, ასევე დიპლომატიური გამოცდილება და მას შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი“, - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

XS
SM
MD
LG