Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუფასურებული ლარი და სურსათზე ფასების ზრდის შიში


ზუგდიდის ბაზარი
ზუგდიდის ბაზარი

ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის გამო სავაჭრო ობიექტების მფლობელები საკვებ პროდუქტებზე ფასების მატების მოლოდინში არიან. მათი თქმით, ლარმა გაუფასურება გასულ კვირაში დაიწყო და მსხვილი მომწოდებლებისგან გაფრთხილება უკვე მიიღეს პროდუქტების ნაწილზე ფასების შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, როგორც ზუგდიდის ბაზარში სასურსათო მაღაზიების მფლობელებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, თავად ჯერჯერობით პროდუქტებს ძველ ფასად ყიდიან, თუმცა უახლოეს დღეებში მომატებას არ გამორიცხავენ.

გადმოწერა

„შაქარი იმატებს, 62 ლარი იყო ერთი ტომარა და დღეს უკვე 64 ლარი გახდა. მე მგონი, ყველაფერს ემატება. კვერცხს ემატება, შესქელებული რძე, კარაქი - ამას ყველაფერს მოემატება ცოტ-ცოტათი. ამის შესახებ ჩვენ ფირმები წინასწარ გვაფრთხილებენ“, - ამბობს სასურსათო მაღაზიის მფლობელი ლელა ღვინჯილია.

მოვაჭრეების განმარტებით, ნებისმიერ პროდუქტზე ფასის თუნდაც მცირედით გაზრდის გამო საყვედურებს მყიდველებისგან თავად ისმენენ. ზუგდიდის ბაზარში სავაჭრო ობიექტის თანამშრომელ თეა უბილავას თქმით, მცდარია ზოგიერთი მოქალაქის შეხედულება, თითქოს ფასების მატებით სავაჭრო ობიექტების მესაკუთრეები სარგებლობენ და ფინანსურ მოგებას იღებენ. პირიქით, მისი თქმით, მომხმარებლების რაოდენობა ასეთ დროს იკლებს:

ყველა ასე ამბობს, დოლარი გაიზარდაო და აძვირებენ. სარგებლობენ ამით. დღევანდელი ნაყიდი ხომ არ არის საქონელი, რაც ულაგიათ, და როგორც იმატებს დოლარი, ეგრევე იმატებს ფასები...

„თქვენ ყველაფერი მაღალ ფასში გაქვთო, ჩვენი ბიუჯეტი ამას არ სწვდებაო და სულ წუწუნებენ“, - თქვა თეა უბილავამ.

თავის მხრივ, მყიდველები აცხადებენ, რომ პროდუქტებზე ფასების მატება არახალია და ეს ეტაპობრივად ხდება. ზუგდიდის ქუჩებში რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხულთა თქმით, მოქალაქეთა ნაწილი დიდი ხანია ყველა საჭირო პროდუქტს მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ვერ ყიდულობს:

„არც დოლარი მაქვს და არც არაფერი, მაქვს მარტო პენსია და მორჩა. ყველაფერი გაძვირებულია, მაგრამ რა ვქნათ“;

„ყველა ასე ამბობს, დოლარი გაიზარდაო და აძვირებენ. სარგებლობენ ამით. დღევანდელი ნაყიდი ხომ არ არის საქონელი, რაც ულაგიათ, და როგორც იმატებს დოლარი, ეგრევე იმატებს ფასები. შეიძლება ვინმემ თქვას, რა არისო 10, 20 თეთრი, მაგრამ როცა ხელფასი არ გაქვს და მიზერულ თანხაზე ხარ, ბევრს ნიშნავს“;

„როცა დოლარი იმატებს, იმატებს ყველაფრის ფასი და ეს ყველაფერი ძალიან ნეგატიურად აისახება მოსახლეობაზე, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს“, - ამბობს ზუგდიდელი გელა გოგილავა.

ზუგდიდის ბაზარი
ზუგდიდის ბაზარი

რესპონდენტების თქმით, იმპორტული პროდუქტების პარალელურად ფასები იმატებს სოფლის მეურნეობის ნაწარმზეც. როგორც ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები ნონა ესებუა განმარტავს, თუ გასულ კვირაში ერთი კილოგრამი სულუგუნი 8 ლარი ღირდა, ახლა 12 ლარამდეა გაზრდილი:

„ყველზე, კარტოფილზე ფასი მომატებულია. კია სოფლის პროდუქტი, მაგრამ მაგათაც რა ქნან, ეს არის მათი შემოსავალი“, - ამბობს ნონა ესებუა.

მოქალაქეების თქმით, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ლარის გაუფასურებას პროდუქტებზე ფასების მატება ყოველთვის მოჰყვება, თუმცა დარეგულირების ან გამყარების შემდეგ ის ძველ ნიშნულს მაინც არ უბრუნდება.

XS
SM
MD
LG