საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ და ვერ შეაფასებს მის პოლიტიკურ განცხადებას. პრემიერ-მინისტრის ეს კომენტარი მოჰყვა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, ემიჯნება თუ არა „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.
„რა თქმა უნდა, რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის ერთმნიშვნელოვანი. უფრო მეტიც, მას ეს არ გაუკეთებია მხოლოდ 2008 წელს. 90-იანი წლების დასაწყისშივე რუსეთი ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსის და ამერიკელი მეგობრების განცხადებით, 2008 წელს, მეგობარი ქვეყნები საქართველოს იმჟამინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აფრთხილებდნენ, რომ რუსეთი გეგმავდა საომარი ოპერაციების სცენარის განხორციელებას. „სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ იმის მაგივრად, რომ თავიდან აერიდებინა მოვლენების მსგავსი განვითარება და მოეხდინა მეგობარი ქვეყნების, მსოფლიო თანამეგობრობის ჩართულობით პრევენციაზე ორიენტირება, ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში. მათ ვერ აარიდეს ქვეყანას ეს საფრთხე და შესაბამისად, მთელი საქართველო აღმოჩნდა კატასტროფულ სიტუაციაში“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, ბოლო დღეებში კვლავ რამდენჯერმე მოისმინა, რომ რუსეთმა აგრესია 2008 წელს განახორციელა და ბევრი არ საუბრობს 90-იან წლებზე. ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი ფაქტობრივ ანექსიას ახორციელებდა საქართველის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე და „ამის შემდეგ ჩაირთო ის აგრესიული მანქანა, რომელმაც თავისი სცენარების რეალიზება გააგრძელა უკვე 2008 წელს.“ პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არის მისი და პოლიტიკური გუნდის შეფასება. „რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. მათ აქვთ აღებული ვალდებულება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, გაიყვანონ თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.