Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: რუსეთის პროვოკაციაზე აყოლას რა ჰქვია?!


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შეამკო აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დაღუპული გმირების საფლავებთან გამოხატავს პატივისცემას და ტკივილს. მისივე განცხადებით, ომი არ დამთავრებულა, რადგან „ყოველდღიურად ვხედავთ გატაცებებს არარსებულ საზღვარზე,“ ომი გრძელდება და ეს არის საქართველოს გუშინდელი და დღევანდელი დღე და ტრაგედია, რომელიც გაგრძელდება ქვეყნის გაერთიანებამდე.

„თუ თქვენ გინდათ კვალიფიკაცია, რა მოხდა 2008 წელს, მაშინ კითხვას სხვაგვარად დავსვამ - როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როცა საომარი მოქმედებები იმ დროს დაიწყო, როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა, როცა საქართველო გაფრთხილებული იყო ყველა მოკავშირისგან, რომ სამხედრო ნაბიჯები არ გადაედგა, გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა. როცა შენ დახმარების იმედი არა გაქვს, როცა შენ უპირატესობა არ გაქვს, როცა მოულოდნელობების ფაქტორი შენს მხარეს არ არის, რომ სიურპრიზით იმოქმედო, როცა იცი, რომ საზღვარზე ივლისიდან მიდის წვრთნები “კავკაზი“ და იქ ასეული ჯავშანტექნიკა, ათასობით რუსი ჯარისკაცი დგას და რაღაცას ელოდება, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია - უგუნურება?! გიჟი პრეზიდენტის ახირება?! თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?!” - განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა. მისივე ეს შეკითხვები უნდა დასვან ჟურნალისტებმა და პასუხები ანალიტიკოსებმა გასცენ. ზურაბიშვილის განცხადებით, საუკუნეებია საქართველოს მტერია რუსეთის იმპერია და ოკუპანტი და აგრესორი უნდა დაიძლიოს ჭკუით და ერთად დგომით.

XS
SM
MD
LG