Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის სასახლეში მსჯელობენ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევაზე


საქართველოს პრეზიდენტის სასახლე
საქართველოს პრეზიდენტის სასახლე

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად დაიწყო კონსულტაციები საზოგადოებრივ ჯგუფებთან და იურისტებთან. პრეზიდენტის სასახლეში დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარი შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ზოგადად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მენაბდე მიიჩნევს, რომ თავმჯდომარე არ უნდა იყოს „იმ კორპორატიული ერთობიდან, რომელიც დღეს აკონტროლებს არა მხოლოდ უზენაეს სასამართლოს, არამედ მთლიანად სასამართლო სისტემას“ და ამასთან, უნდა იყოს „ცნობილი იურისტი, რომლის მიმართაც საზოგადოებას აქვს ნდობა.“ ვახუშტი მენაბდე არ მოელის, რომ პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იქნება კონკრეტულ კანდიდატურებზე. „თავად პროცესი ორინეტირებული უნდა იყოს ჩართულობაზე და საზოგადოების სხვადასხვა ინტერესის ჯგუფების მონაწილეობაზე იმისათვის, რომ პრეზიდენტმა და შემდეგ უკვე პარლამენტმა გაითვალისწინოს ყველა ჯგუფის მოსაზრება და დამოკიდებლება ისეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირისადმი, როგორიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა“ - განაცხადა მენაბდემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 2 აგვისტოს გადადგა ნინო გვენეტაძე, რომელმაც მიზეზად დაასახელა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის აუცილებლობა.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს 10 წლის ვადით. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში შევა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი 10 წლის ვადით ირჩევს თავად უზენაესი სასამართლოს წევრთაგან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

XS
SM
MD
LG