Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოძრაობამ "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა გრიგოლ ვაშაძე


სამოქალაქო მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გრიგოლ ვაშაძე. წარდგენის ცერემონია გაიმართა ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა. გრიგოლ ვაშაძე 2017 წლიდან პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრია. 2008-2012 წლებში ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მანამდე, ცოტა ხნით ის კულტურის მინისტრი იყო. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ვაშაძე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი იყო ქუთაისის მერის პოსტზე, მაგრამ ის მეორე ტურში დამარცხდა “ქართული ოცნების” კანდიდატ გიორგი ჭიღვარიასთან. გრიგოლ ვაშაძემ 1981 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, 1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში და კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში, 1988-1990 წლებში იყო დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი. მოძრაობა “ძალა ერთობაშია”, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატიც ვაშაძეა, სულ 10 პარტიასა და საზოგადოებრივ ჯგუფს აერთიანებს. მათ შორის: “ახალი საქართველოსთვის”, “ემსახურე საქართველოს”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, “სახელმწიფო ხალხისთვის”, “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”, “ახალი საქართველო”, “საქართველო ლიდერთა შორის” და “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”.

XS
SM
MD
LG