Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით 6 პირია დაკავებული


შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსამართლის განჩინებით დაკავებულია 6 პირი, რომლებსაც ბრალად ედება „ქურდული სამყაროს“ წევრობა.

შსს-ს ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზესტაფონში დააკავეს სამი „კრიმინალური ავტორიტეტი,“ რომლებიც მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ „კანონიერ ქურდთან,“ ფრიდონ სულაქველიძესთან და მის ძმასთან, ხვიჩა სულაქველიძესთან, რომლებისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა ზესტაფონში მდებარე ერთ-ერთი კაფეს მფლობელისგან ფრიდონ სულაქველიძის მიერ მისი სამეწარმეო საქმიანობის მფარველობის სანაცვლოდ, მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით მოითხოვეს ყოველთვიურად მოგების 30%-ის გადახდა. ხვიჩა სულაქველიძის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის დასაკავებლად ტარდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

შსს-ს ცნობითვე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, დააკავეს ორი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, რომლებმაც უცხოეთში მყოფ „კანონიერ ქურდთან,“ ნადირ სალიფოვთან შეთანხმებით, მოქალაქეს „ქურდული გარჩევა“ მოუწყვეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.

სასამართლოს განჩინებითვე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს„ქურდული სამყაროს“ კიდევ ერთი, ძებნილი წევრი, რომელსაც შსს-ს ინფორმაციით, მჭიდრო კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდთან,“ ზაზა ელიკაშვილთან და „ქურდული სამყაროს“ სხვა წარმომადგენლებთან.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულებს ემუქრება 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

XS
SM
MD
LG