პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდოს მარნეულის მერს, დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ თემურ აბაზოვს - ამის შესახებ 13 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა. მისივე თქმით, ბრალდების მხარე აღკვეთის ზომად გირაოს გამოყენებას მოითხოვს, პარლამენტის დეპუტატის აზერ სულეიმანობის მიმართ. „იმუნიტეტი იცავს მას დაკავების, დაპატიმრების და სხვა იძულების ღონისძიებებისგან და ამ ეტაპზე არცერთი გამოყენებული არ არის“ - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. მისი განმარტებით, სულეიმანოვს ბრალად ედება ნაკლებად მძიმე დანაშაული - ძალადობა, რომლისთვისაც სანქციაა ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და რადგან პროკურატურას არ გამოუყენებია დაკავების, ან დაპატიმრების ღონისძიება, ამ ეტაზე არ დგას სულეიმანოვისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი. ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, აზერ სულეიმანოვისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობა დაიწყება იმის გათვალისწინებით, თუ რა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.
მარნეულის მერად „ქართული ოცნებიდან“ არჩეული, თემურ აბაზოვი ბრალდებულია მოქალაქის მიმართ დამამცირებელ, ან არაადამიანურ მოპყრობაში, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრად არჩეული აზერ სულეიმანოვი ამავე მოქალაქის ფიზიკურ შეურაცხყოფაში.