Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი: არასამთავრობოთა ნაწილი პოლიტიკურ პროცესშია ჩართული


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა - რომლის გადადგომის მოთხოვნით საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფი გამოდის - ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია "იმედს" და განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციებს "ის კი არ აინტერესებთ, რამდენად წინ წავიდა ქვეყანა სამართლებრივ სფეროში, ისინი მონაწილეობენ რაღაც პოლიტიკურ პროცესში". წულუკიანმა თქვა, რომ "ხვდება ეს რა პოლიტიკური პროცესია" და ამ ორგანიზაციებს მოუწოდა ან დაუბრუნდნენ არასამთავრობო სექტორს, ან კი "ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად და შევეჯიბროთ ერთმანეთს არჩევნებში და ვნახოთ ვინ უფრო მეტ ხმას მიიღებს, ჩვენ თუ პარტია ეკა გიგაური". არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი, აქტიური ჯგუფი თვლის, რომ მათთვის პრინციპულად მიუღებელია ჩართვა წულუკიანის მონაწილეობით მიმდინარე მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში. მათი შეფასებით, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი არ იქნება ფარსი, წულუკიანის მიერ წარდგენილი პროკურორების წარსული გამოცდილების გათვალისწინებით. "იმედთან" ინტერვიუში იუსტიციის მინისტრი შეეხო უკვე ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და განაცხადა: "შოთაძე იყო ქვეყნის ერთადერთი მთავარი პროკურორი, რომელსაც ჰქონდა ჩემი პირადი ნდობა. იყო რეფორმები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტრო და ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეფორმის გზაზე იყო ყოველთვის ირაკლი შოთაძე". არასამთავრობოთა კრიტიკას, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა ჩავარდა და სისტემაში მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ წინა ხელისუფლების პერიოდში უსამართლობასთან და პოლიტიკურ ნებას დამორჩილებულ სასამართლოსთან ასოცირებული პირები, მაგალითად გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც 2004-2007 წლებში გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა, 2007 წლიდან კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა, წულუკიანმა უპასუხა, რომ საქმე გვაქვს "ცნებების აღრევასთან", რადგან ამ სისტემის პირობებში არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის სამინისტროს დავებს უგებენ: "მურუსიძის და ჩინჩალაძის პირობებში ეკა გიგაური სამინისტროს უგებს სასამართლო დავებს. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ბატონი მურუსიძე არ მომწონს. არც ის მომწონს, რომ ჩვენ ვერ შევძელით უფრო სწრაფად წარგვემართა საკადრო ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემაში. და იცით რატომ ვერ შევძელით? პირველი 3-4 წელი ჩემი მინისტრობისა მუდმივ წინააღმდეგობას ვხვდებოდი ამ არასამთავრობო სექტორისგან და ზოგიერთი უცხოელი მრჩევლისგან, როცა ვამბობდი, რომ უვადო დანიშვნები არ არის კარგი და პრობაციის პერიოდი უნდა შენარჩუნდეს" - განაცხადა წულუკიანმა. იუსტიციის სამინისტროს და პარლამენტის მისამართით არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებაა ისიც, რომ გაჭიანურდა რეფორმა, მათ შორის მოსამართლეთა დანიშვნის მკაცრი და გამჭვირვალე კრიტერიუმის შემოღება და არც თუ სუფთა რეპუტაციის მოსამართლეები სწორედ ამ პერიოდში დაინიშნენ უვადოდ სასამართლო სისტემაში. წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ მას მართლაც არ გაუტარებია გარკვეული რეფორმები, რასაც მას არასამთავრობოები საყვედურობენ, კერძოდ ინფორმაციის თავისუფლების აქტი, რომელიც განხილვის პროცესშია და სქესის შეცვლის აღრიცხვა სამოქალაქო რეესტრში. "მე მთხოვენ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები, გავატარო ქალად სამოქალაქო რეესტრში და ის ადამიანი, რომელსაც აქვს ქალის ბიოლოგიური ორგანოები, გავატარო მამაკაცად. ვაღიარებ, რომ ეს რეფორმა არ გამიტარებია" - განაცხადა წულუკიანმა. საქართველოს ტრანსგენდერი მოქალაქეები და უფლებადამცველები მართლაც ითხოვენ, რომ სახელმწიფომ ტრანსგენდერ ადამიანებს მისცეს უფლება პირადობის დოკუმენტებში სქესი შეცვალონ - თუმცა ბოლო პერიოდში, თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებზე ამ რეფორმაზე არ ყოფილა ლაპარაკი.

XS
SM
MD
LG