პარლამენტის წინ, შენობის კიბეებზე, შეკრებილია, დაახლოებით, 4 ათასი ახალგაზრდა, რომლებიც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილისა და შს მინისტრ გახარიას გადაყენებას ითხოვენ. აქციაზე ჩართულ ელექტრონულ მუსიკას, რომელსაც დიჯეი მართავს, აყოლილია თითქმის მთელი ახალგაზრდობა. ანა სუბელიანი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ არ გაჩერდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.მისი თქმით, აქციას ემხრობიან საია, "თანასწორობის მოძრაობა", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და სხვა ორგანიზაციები. "აქ შეკრებილნი ვართ ისინი, ვინც თავისუფლების მომხრეა. ჩვენ ვითხოვთ ადამიანის თავისუფლებას". აქციაზევე "თანასწორობის მოძრაობის" აქტივისტმა გიორგი თაბაგარმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბასიანსა და გალერში შეჭრა არ იყო მხოლოდ კლუბებზე დარტყმა, ეს იყო დარტყმა პროგრესულ სოციალურ მოძრაობებზე. "რეალურად, ეს სცდება მხოლოდ საკლუბო სივრცეს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არაფორმალური მმართველობა არის პრობლემური და მხოლოდ პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადაყენებით პრობლემა არ შეოცვლება", თქვა გიორგი თაბაგარმა. - "ამის მიუხედავად, ჩვენ არ გავჩერდებით. აქციები გაგრძელდება. აქედან ფეხს არ მოვიცვლით. ეს არის ბრძოლა თავისუფალი სივრცისთვის".
ყველაზე პოპულარული
1