კომპანია ”ბიურო ვერიტასის” მიერ გუდაურში ჩატარებული გამოკვლევის პირველადი დასკვნით, 16 მარტს, საბაგიროზე მომხდარი შემთხვევა გამოიწვია ძაბვის ვარდნის შემდეგ ოპერატორის მიერ დაშვებულმა შეცდომამ. 23 მარტს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ სპეციალური მეხსიერებიდან ამოღებული ჩანაწერების საფუძველზე დადგენილია, რომ 16 მარტს მართლაც იყო ძაბვის ვარდნა, რომელმაც გამოიწვია საბაგიროს გაჩერება, თუმცა, ამის შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით, საბაგირო უნდა გადაეყვანა დიზელის გენერატორზე და ტურისტები მიეყვანა წერტილამდე, საიდანაც ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს. „ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა არ იყო თანხვედრაში ინსტრუქციით გაწერილ ქმედებებთან და შესაბამისად, ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი” - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი ინფორმაციით, საბაგიროს ოპერატორი საქმიანობას აღარ აგრძელებს. გარდა ამისა, თავისი სურვილით თანამდებობები დატოვეს მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა. ეკონომიკის სამინისტრო კომპანია ”ბიურო ვერიტასის” დასკვნაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გუდაურის საბაგირო ტექნიკურად სრულად გამართულია და პერიოდული ინსპექტირებაც დროულად ჰქონდა გავლილი. სამთო-სათხილამურო კურორტის, გუდაურის საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის უკრაინის, შვედეთის და რუსეთის მოქალაქეები. ინციდენტის მიზეზების დადგენის და საბაგიროს ტექნიკური ინსპექტირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიწვია საერთაშორისო საექსპერტო კომპანიის, „ბიურო ვერიტასის“ სპეციალისტები.