11 მარტს მცხეთაში მყოფმა შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს წამების ან ფიზიკური დაზიანების არანაირი კვალი არ აღენიშნებათ. კახაბერ საბანაძეს არ უსაუბრია იმ გამოძიების დეტალებზე, რომელსაც მომხდარზე აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება სსკ 108-ე და 143-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. მან მხოლოდ განაცხადა: „მაქსიმალური კეთდება სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, შსს-სა და სუს-ის ჩართულობით იმისთვის, რომ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გონივრულ ვადებში გადმოსვენება“.
მცხეთაში მყოფმა მთავრობის წარმომადგენლებმა - სოზარ სუბარმა და ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნეს, რომ ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი თავს ნორმალურად გრძნობენ. ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის ამსახველი კადრები ერთ-ერთმა პირველმა იხილა რადიო თავისუფლების აუდიტორიამ, მცხეთის პოლიციაში მათი გამოკითხვისას, რადიო თავისუფლების კორესპონდენტის პირდაპირი ჩართვისას. კადრები სახელმწიფო უწყების კამერით იყო გადაღებული.
ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ისინი მიმდინარე წლის 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს. ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ისინი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა, 11 მარტამდე არ მისცეს ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლება.