„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აცხადებს, რომ მთავრობების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შევიწროება ასოცირდება კორუფციის შედარებით მაღალ დონესთან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სათაო ოფისის მიერ გავრცელებული „კორუფციის აღქმის ინდექს - 2017“-ის თანახმად, მიმოხილული 180 ქვეყნიდან ორი მესამედის ქულა 50-ზე ნაკლებია. შეფასების სკალაზე - 0 ყველაზე კორუმპირებულს ნიშნავს, 100 კი - კორუფციისგან ყველაზე თავისუფალს.
„კორუფციის აღქმის ინდექს - 2017“-ში ქვეყნებსა და ტერიტორიებზე საჯარო სექტორში არსებული კორუფციის აღქმის ხარისხი იზომება ექსპერტებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა შეფასებებით. წელს საშუალო ინდექსი 43-ს შეადგენს.
„მსოფლიოში კორუფციის დამარცხების მცდელობების მიუხედავად, ქვეყნების უმრავლესობა ძალიან ნელა მიიწევს მიზნისკენ“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ დღეს გამოქვეყნებული ინდექსის თანმხლებ პრესრელიზში. დოკუმენტში აგრეთვე წაიკითხავთ, რომ „მიუხედავად კორუფციის შეჩერების მცდელობისა, ბოლო 6 წლის განმავლობაში ბევრმა ქვეყანამ ძალიან მცირე პროგრესი განიცადა, ან საერთოდ არ წასულა წინ“ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. „გაცილებით საგანგაშო კი ის არის, რომ ინდექსის შედეგების ანალიზის მიხედვით, ქვეყნებს, სადაც ყველაზე ნაკლებად არის დაცული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კორუფციის ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვთ“.
ახალი ინდექსის თანახმად, ავღანეთი რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად და ბოლო წელიწადს პროგრესი არ განუცდია. ავღანეთის კორუფციის აღქმის ინდექსმა კვლავ მხოლოდ 15 შეადგინა და რეიტინგში 169-დან 177-ზე ჩაინაცვლა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თანახმად, ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნებს შორის ლიდერობენ ახალი ზელანდია (89 ქულით) და დანია (88 ქულით). რეიტინგის ბოლოში მოექცნენ სირია (14 ქულით), სამხრეთ სუდანი (12 ქულით) და სომალი (9 ქულით).
რეგიონების მიხედვით ყველაზე არაკორუმპირებული დასავლეთ ევროპაა, საშუალო ქულით - 66. ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებელი აქვს სუბსაჰარულ აფრიკას (32), აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის საშუალო ქულაა 34.
ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან უზბეკეთი 157-ე ადგილზეა, ტაჯიკეთი - 161-ზე, თურქმენეთი - 167-ზე.
რუსეთის ქულა 2016 წელთან შედარებით არ შეცვლილა - 29-ა და 135-ე ადგილს იკავებს რეიტინგში, ყირგიზეთის მსგავსად.
საქართველოს ქულაა 56 და ის 46-ე ადგილზეა. ბელარუსის ქულაა 44 და ის 68-ე ადგილზეა. სომხეთში კორუფციის აღქმის ინდექსია 35 და ის 107-ე ადგილს იკავებს. აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და მოლდოვის ინდექსია 31, ადგილი - 122-ე. უკრაინის ქულაა 30, ადგილი - 130-ე.
ბალკანეთის ქვეყნებიდან ლიდერობს ჩერნოგორია. 46 ქულით ის 64-ე ადგილზეა. სერბეთი 41 ქულით 77-ე ადგილს იკავებს. კოსოვოს ინდექსია 39, რეიტინგში 85-ეა. ბოსნია-ჰერცეგოვინა 38 ქულით 91-ე ადგილზეა. მაკედონია - 35 ქულით 107-ე ადგილზე.
პაკისტანის კორუფციის აღქმის ინდექსი 32 ქულით განისაზღვრა და იკავებს 117-ე ადგილს. ირანი 30 ქულით 130-ეა.
აშშ-ს ინდექსი 2016 წელთან შედარებით გაუმჯობესდა ერთი ქულით და შეადგინა 75. რეიტინგში კი მან მე-18-დან მე-16-ზე ადგილზე გადაინაცვლა.