Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეპრესიების მოწმე საგნები


გამოფენა „დიდი საბჭოთა ტერორი“
გამოფენა „დიდი საბჭოთა ტერორი“

საქართველოს ეროვნული არქივი მასშტაბური გამოფენით გამოეხმაურა „დიდი საბჭოთა ტერორის“ მეოთხმოცე წლისთავს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია როგორც რეპრესირებულთა ოჯახებში შემორჩენილი, ასევე ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური დოკუმენტები და ნივთები: ევგენი მიქელაძის პარტიტურა, ვახტანგ კოტეტიშვილის მარმარილოს ქანდაკება, ღვთისმშობლის ნატყვიარი ხატი, ტიციან ტაბიძის უკანასკნელი ფოტო და სხვ.

80 წლის წინ, 1937 წლის 2 ივლისს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ ტელეგრამა გაუგზავნა საკავშირო რესპუბლიკის ცენტრალურ და საოლქო კომიტეტეტბს და დაავალა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატებში აღრიცხვაზე აეყვანათ სამშობლოში დაბრუნებული კულაკები და სისხლის სამართლის დამნაშავეები, რათა მათ შორის ყველაზე მტრულად განწყობილები დაუყოვნებლივ დაეპატიმრებინათ და დაეხვრიტათ „ტროიკების“ საშუალებით, დანარჩენი მავნე ელემენტები კი გადაესახლებინათ „ენკავედეს“ მითითების შესაბამისად. ორი წლის განმავლობაში დაპატიმრებულ იქნა სულ1,7 მილიონზე მეტი ადამიანი, მათგან დახვრიტეს არანაკლებ 725 ათასისა. დიდმა ტერორმა იმსხვერპლა ქართული აგროქიმიის ფუძემდებელი, პროფესორი შალვა ცინცაძე, რომელიც, მისი შვილის, იოსებ ცინცაძის, თქმით, 1924-1935 წლებში სწავლობდა და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

იოსებ ცინცაძე
იოსებ ცინცაძე

„1935 წლის ბოლოს დაბრუნდა, 1937 წელს დააპატიმრეს თბილისში და აქვე დახვრიტეს - 15 მაისს დააპატიმრეს, 14 სექტემბერს დახვრიტეს. დედაჩემიც გადაასახლეს რვა წლით მორდოვიაში, პოტმის ლაგერში, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკასთან საერთო არაფერი ჰქონდა. მამაჩემის შექმნილი რეაქტივი, „ცინცაძის რეაქტივი“, დღესაც აქტიურად გამოიყენება, მისი სტატიებიც არ კარგავს აქტუალობას, რაზეც მეტყველებს ციტირების მაღალი სიხშირე“, - უთხრა იოსებ ცინცაძემ რადიო თავისუფლებას.

1937 წლის ტერორს ემსხვერპლა ტრიფონ ჯაფარიძე - ქუთაისის საისტორიო საზოგადოებისა და მუზეუმის დამაარსებელი და პირველი დირექტორი, რომლის ძალისხმევითაც გადარჩა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის არაერთი მნიშვნელოვანი ნიმუში, მათ შორის გელათის მონასტრის განძეულობა და ხახულის ხატი. ნინო ჯაფარიძე, ტრიფონ ჯაფარიძის შვილიშვილი, ამბობს, რომ მამამისის გადმოცემით იცის, რომ ბაბუა 1937 წლის 30 ივნისს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისა და ანტისაბჭოთა ორგანიზებული ქმედების ბრალდებით.

„ვერ მოასწრეს მისი დახვრეტა. დაიღუპა ოთხთვიანი მძიმე ავადმყოფობის შედეგად ქუთაისის ციხეში. რა თქმა უნდა, ოჯახს არ გადასცეს ნეშტი. ამიტომ დღეს ჩვენ არ ვიცით, სად არის ბაბუას საფლავი და ეს არის ძალიან სამწუხარო ჩვენი ოჯახისთვის“, უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო ჯაფარიძემ.

გამოფენაზე ექსპონატების სახით წარმოდგენილია ტრიფონ ჯაფარიძის ფოტო მეუღლესა და შვილთან ერთად, მისი ჭოგრიტი და საწერი მაგიდის აქსესუარები. აქვეა სხვა რეპრესირებულთა მემორიალური ნივთები: ვახტანგ კოტეტიშვილის პორტფელი, შალვა ცინცაძის სწავლისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები, რიონჰესის მშენებლობის უფროსის, ვლადიმერ ჯიქიას, ალბომი, ტუსაღების მიერ ლიზიკო ქავთარაძისათვის ცოცხისგან გაკეთებული თოჯინა, საქართველოს მწერალთა კავშირის რიგებიდან გარიცხულ და შემდეგ დახვრეტილ წევრთა წიგნაკები. გამოფენის კურატორ გიორგი კაკაბაძეს მივყავართ ტიციან ტაბიძის უკანასკნელ ფოტოსთან, რომელიც 1937 წელსაა გადაღებული.

„სახის გამომეტყველებაზე ეტყობათ ამ ადამიანებს, თუ რა უმძიმეს პერიოდში მოუწიათ ცხოვრება“, - ამბობს გიორგი კაკაბაძე.

ტიციან ტაბიძე 1937 წლის დეკემბერში დახვრიტეს. შედარებით გაუმართლა შალვა ნუცუბიძეს, ფილოსოფოსს, უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და „ვეფხისტყაოსნის“ რუსულად მთარგმნელს, რომელიც, შალვა ნუცუბიძის ქალიშვილის, თამარ ნუცუბიძის, თქმით, დახვრეტას გადაარჩინა „ვეფხისტყაოსანმა“, რომლის თარგმნითაც სტალინი იყო დაინტერესებული.

თამარ ნუცუბიძე
თამარ ნუცუბიძე

„დიდხანს უტრიალეს და ბოლოს დააპატიმრეს ტაშისკარში, სადაც დასასვენებლად იყო ჩასული სერგო კლდიაშვილთან ერთად. როგორც სჩვეოდათ ჩეკისტებს, გამთენიისას, დილის 5 საათზე, დაადგნენ თავზე. „ვეფხისტყაოსანს“ თარგმნიდა. მოასწრო თარგმანის სერგო კლდიაშვილისთვის გადაცემა. ჯერ საქართველოში ჰყავდათ დაპატიმრებული, მერე რუსეთში გადაიყვანეს. წლების შემდეგ იხსენებდა, რუსეთში კიდევ არა უშავდაო, საქართველოში კი საშინელი პირობები იყოო. თვითონ არ უყვარდა ამ პერიოდის გახსენება, მაგრამ თურმე დედაჩემისთვის უთქვამს, ღამით ახლაც კი მესმის ხოლმე კარის რახა-რუხი, ფეხის ხმა, როგორ მიჰყავდათ ადამიანები დასახვრეტად და მოლოდინი, ვის კარზე გაისმება ბრახუნიო. ასევე უთქვამს დედისთვის, რომ ახლაც მცემს შეტრუსული ხორცის სუნი, რომელიც დაკითხვიდან შემოყვანილ ადამიანებს ასდიოდათო“, უთხრა თამარ ნუცუბიძემ რადიო თავისუფლებას.

ეროვნულ არქივში გამოფენილია ხის კოვზი და შანდალი, რომელიც შალვა ნუცუბიძეს პატიმრობიდან შემორჩა. აქვეა გამოფენილი ღვთისმშობლის ნატყვიარი ხატი, რომელიც ჩეკისტებმა დაცხრილეს მღვდელ სიმონ მჭედლიძის დაპატიმრებისას, პატრიარქ ამბროსი ხელაიას ჭიქის ვერცხლის ჩასადგამი, ციხიდან ქალიშვილისთვის გამოგზავნილი ყაისნაღი. გამოფენის კურატორი ქეთი ასათიანი გვიჩვენებს 1937 წელს დახვრეტილი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის, პირად ნივთებს - ჩიბუხსა და ქაღალდის საჭრელ დანას მფლობელის ინიციალებით:.

„ვეცადეთ გამოფენაზე წარმოგვეჩინა რეპრესიების მთელი დინამიკა საქართველოს გასაბჭოებიდან დიდი ტეტორის ჩათვლით, დაწყებული ამბროსი ხელაიადან, ძმები კარბელაშვილებიდან, ვიდრე 1937 წელს დახვრეტილი სანდრო ახმეტელით, ტიციან ტაბიძით და სხვებით“.

ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე საბჭოთა ტერორის ლოგიკაზე საუბრისას გამოყოფს ბოლშევიკური რეჟიმის მთავარ მიზანს - ტოტალიტარული სახელმწიფოსა და პიროვნების კულტის შექმნას.

„ამ მიზნისკენ მისასვლელ გზაზე ვინც გადაეღობებოდნენ, იქნებოდნენ ეს ყოფილი თანამებრძოლები, კულტურული ელიტა ან საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენლები, ნადგურდებოდნენ დაუნდობლად. საბჭოთა მოქალაქის პიროვნება არავის აინტერესებდა, ის უნდა ყოფილიყო დიდი მექანიზმის ჭანჭიკი - ეს იყო ამ წარმოუდგენელი მასშტაბის რეპრესიების უმთავრესი ლოგიკა“, უთხრა დიმიტრი სილაქაძემ რადიო თავისუფლებას.

ამ ლოგიკის ერთგვარ ილუსტრაციად გამოდგება გამოფენაზე წარმოდგენილი ხუთი წლის რუსიკო გვარამიას ნახატი, რომელიც ჩადებული იყო მამის, 1937 წელს დახვრეტილ ვიქტორ გვარამიას, საქმეში, როგორც მისი მავნებლობის მამხილებელი დაშიფრული საბუთი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG