Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში „კარვების აქცია“ გრძელდება


დაპირისპირება საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის, კიევი, 2017 წლის 17 ოქტომბერი
დაპირისპირება საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის, კიევი, 2017 წლის 17 ოქტომბერი

კიევის ცენტრში, უკრაინის პარლამენტის შენობის მახლობლად გაშლილ 50-მდე კარავში ღამე გაათენა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა. უკრაინის შსს-ს მიერ 18 ოქტომბერს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ადგილას იმყოფება „ახალ ძალთა მოძრაობის,“ „სამართლიანობის პარტიის“ და ბატალიონ „დონბასის“ 200-მდე წარმომადგენელი. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები, რომლებსაც გადაკეტილი აქვთ სამთავრობო დაწესებულებებისკენ მიმავალი გზები. უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის, სერგეი კნიაზევის განცხადებით, სამართალდამცავები კარვების აღებას არ აპირებენ, თუმცა, კვლავაც დაიცავენ უსაფრთხოებას და უზრუნველყოფენ პარლამენტის შეუფერხებელ მუშაობას. 17 ოქტომბერს, უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და რამდენიმე პარტიის, მათ შორის „სამოპომიჩის,“ „ბატკივშჩინის“ და „თავისუფლების“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა კიევში, უკრაინის პარლამენტთან გამართეს მიტინგი და მოითხოვეს ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა და სადეპუტატო იმუნიტეტის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება. 17 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა სცადეს რკინის ჯებირებს მიღმა კარვების შეტანა. დაშავდა სულ მცირე ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი. საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა შეძლეს.


XS
SM
MD
LG