საქართველოსა და აშშ-ს შორს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისში, გალერეა Black & White-ში, 27 აპრილს ფოტოგამოფენა გაიხსნა. ხუთი ქართველი ფოტოგრაფის მიერ სხვადასხვა დროს გადაღებული ნიუ-იორკის 10-10 ფოტო დამთვალიერებელს 1 მაისამდე შეუძლია ნახოს. „ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი“ - ასე ჰქვია გამოფენას.
ნიუ-იორკი - აშშ-ის კულტურული და ფინანსური ცენტრი, ნიუ- იორკი - გლობალიზაციის ცენტრი, ნიუ-იორკი - ოცნებების ქალაქი. მრავალი ეპითეტი შეიძლება მოუძებნო ამ ქალაქს, ბევრიც უკვე გაცვითა და მოინელა ქალაქმა, რომელსაც, როგორც ამბობენ, არასოდეს სძინავს. ამ ქალაქს სხვადასხვა დროს 5-მა ქართველმა ფოტოგრაფმაც გადაუღო ფოტო. ზოგი მათგანი ნიუ-იორკში საქმეზე ჩავიდა, ზოგიც - მხოლოდ მისთვის ფოტოების გადასაღებად. გია ჩხატარაშვილის, დინა ოგანოვას, იური მეჩითოვის, ანა გოგუაძისა და დარო სულაკაურის ფოტოებში ნიუ-იორკი არის - ფერები, ტემპი, ბევრი ყვითელი ტაქსი, მეტროს სადგურები, მეტროს სადგურებში ვაგონის მოლოდინში ჩახუტებული შეყვარებული წყვილების ერთი კოცნის სამარადისოდ გაჩერებული სურათი, ნიუ-იორკში ერთხელ მოსული თოვლით შეცვლილი ქალაქის იერსახე და ადამიანების ცხოვრების წესი, მანქანების უსაშველო მწკრივში ხელჩაკიდებული ხანში შესული წყვილის მიწიდან აწეული ნაბიჯი... პატარა გოგონა, რომელიც დედასა და დასთან ერთად მიაბიჯებს ნათელ ქუჩაზე და თან გაზიან სასმელს სრუტავს ერთჯერადი ჭიქიდან... სილამაზის სალონიდან გამოსული პატარძალი თეთრი კაბით... მიტოვებული სანაპირო, ჩამავალი მზის შუქზე ოქროსფერი ათინათებით აბრჭყვიალებული...
როგორც ფოტოგრაფი დინა ოგანოვა ამბობს, ეს არის ქალაქი, სადაც ძნელია ფოტოაპარატი დადო, ნიუ-იორკი მისთვის პერსონაჟებისა და შესაძლებლობების ქალაქია, ,ამიტომაც მის ფოტოებზე ჩანან ადამიანები, ძველი, მაგრამ საყვარელი ავტომობილით, „ადგილის მფარველი სათამაშო ბაჭიით“ და სხვა.
„ნიუ-იორკი არის ქალაქი, სადაც ცოტა უცნაურიც კი იქნება, რომ ფოტოები არ გადაიღო. მე არ მიყვარს მოგზაურობის დროს ფოტოების გადაღება, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ტურისტული ფოტო იქნება, მაგრამ ნიუ-იორკი, უბრალოდ, გაიძულებს აიღო ხელში ფოტოაპარატი და გადაიღო. სულ საინტერესო დეტალები გხვდება, საინტერესო პერსონაჟები გხვდება. პერსონაჟებით სავსე, ფოტოგრაფისთვის მეგაშესაძლებლობების ქალაქია“.
კონი-აილენდზე (Coney Island) ატლანტის ოკეანიდან წამოსული ნისლი გახდა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კადრის ინსპირატორი ფოტოგრაფ გია ჩხატარაშვილისთვის, რომლის თქმითაც, ნიუ-იორკში საითაც გაიხედავ, ყველგან კადრია. ეს არის ქალაქი კალეიდოსკოპი. ყველა თავისი ცხოვრებითაა გართული, მაგრამ, ამავე დროს, ფოტოგრაფის მიმართ ყველა ძალიან გულთბილადაა განწყობილი, არავინ გაურბის კამერის ობიექტივს. ნიუ-იორკში გამოფენისთვის ჩასული გია ჩხატარაშვილი დროდადრო ფოტოებსაც იღებდა, მისი ნიუ-იორკი კი შავ-თეთრ ფერებში გადაწყდა. ის სილამაზის სალონის წინ მოწყენილი პატარძლის გადაღების ამბავს გვიყვება:
ჩვენ რამდენიმე ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მე ვფიქრობ, რომ ეს მეტია, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობა - ეს მოიცავს მეგობრობას, პარტნიორობას, რომელიც მთელი ამ 25 წლის განმავლობაში დაგროვდა 2 ქვეყანას შორის და როცა ამ ფოტოებს უყურებთ, ხედავთ კავშირს, რომელიც ადამიანებს შეუძლიათ დაამყარონ...ნიკოლას ბერლინერი
„ჩაინა თაუნში ვიყავი და ხალხმრავლობა იყო. ვათვალიერებდი, თან რაღაცებს ვიღებდი. სილამაზის სალონი იყო, პატარძლები მოდიოდნენ და მაკიაჟს იკეთებდნენ. ერთი 15-20 წუთი ვიდექი და ვაკვირდებოდი. გოგონა იდგა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქმროს ელოდა. ის არ მოვიდა და ასეთი სევდიანი სახით გამოიყურებოდა. მომეწონა ძალიან თვითონ გარემო და ეს პატარძალიც... „სიძის მოლოდინში“ - დაახლოებით ეს არის“.
ფოტოჟურნალისტ დარო სულაკაურის ნიუ-იორკი თოვლიანია, თოვლის მოსვლის გამო შენელებული ტემპით, გაჩერებული ტრანსპორტით.
„ეს სერია თოვლის დროსაა გადაღებული, როცა ნიუ-იორკი, ქალაქი, რომელიც სულ მოძრაობაშია, გაჩერდა. არც ტრანსპორტი, არც მეტრო მოძრაობდა. ყველა ქუჩაში გამოდიოდა, ყველას უხაროდა თოვლი და ეს მომენტია გადაღებული, როცა ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა გადაადგილებაში. და ძალიან საინტერესო იყო ასეთი ნიუ-იორკი. საერთოდ, ყველას შეუძლია თავისი ნიუ-იორკი იპოვოს, ასეთი ქალაქია“.
102-სართულიანი ემფაირ სტეიტ ბილდინგის ( Empire State Building) 88-ე სართულიდან ნიუ-იორკი ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ფირის ფოტოკამერით გადაიღო. გამოფენაზე წარმოდგენილ მის კოლექციაში ეს ერთადერთი ფირზე გადაღებული კადრია. ზამთრის ძალიან სუსხიანი, მოღრუბლული ნიუ-იორკის სივრცეში ცათამბჯენები გიგანტური ალმასებივით ამოზრდილან. თუმცა ფოტოგრაფის საყვარელი ადგილი ნიუ-იორკში მიტოვებული ნავმისადგომია, ჩუმი, გარინდებული და ოკეანესთან მარტო დარჩენილი. ამ ადგილას ორჯერ მივედიო, ამბობს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი:
„ლოს-ანჯელესი, ნიუ-იორკი და სან-ფრანცისკოა ჩემი ამერიკა, სხვაგან არ ვყოფილვარ, ტეხასსა და ჩიკაგოში. საერთოდ, ნიუ-იორკი ისეთი სამყაროა, სადაც არ შეიძლება არ გადაიღო. ვერ ვიტყვი, რომ ნიუ-იორკი მიყვარს. არა, არ მიყვარს, იმიტომ რომ იქ ყველაფერი, რაც კაცს შეიძლება ძალიან უყვარდეს ან არ უყვარდეს, ყველაფერი ერთადაა“.
ბრუკლინის ხიდზე შეყვარებული წყვილის კოცნის ამსახველი ფოტო, გამოფენა „ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის“ პოსტერად იქცა. ფოტოს ავტორი ანა გოგუაძე აშშ-ში სპეციალურად ფოტოპროექტის გადასაღებად წავიდა. მისი თქმით, პროექტი ვერ დაამთავრა და ჩანაფიქრის განსახორციელებლად მომავალ წელს ისევ დაუბრუნდება შტატებს. მისი ძალიან ფერადი ფოტოების მთავარი სათქმელი ურთიერთობებია, ადამიანური ურთიერთობები:
„ფერადია თვითონ ეს ქალაქი. ეს არის ქალაქი, რომელიც გახსენებს, რომ შენ ხარ ცოცხალი ადამიანი. ეს მხოლოდ ამერიკის ერთ-ერთი ქალაქი კი არა, ზოგადად მსოფლიო გულია, სადაც ყველა ეროვნების ადამიანს შეხვდები და გრძნობ მთელი დედამიწის გულისცემას“.
5 ქართველი ფოტოგრაფის მიერ აღბეჭდილმა ნიუ-იორკმა თითქოს ამ ქალაქში გამოგზაურაო, გვითხრა გამოფენის დასათვალიერებლად მისულმა ნინო ბერიკაშვილმა:
„ამერიკას აქვს რაღაც ისეთ ხიბლი, რითიც ის სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს იზიდავს მთელი მსოფლიოდან, ეს არის, ერთი შეხედვით, სრულიად შიშველი თავისუფლება, მაგრამ, მეორე მხრივ, მაინც გარკვეული ჩარჩოებით. ძნელია დაახასიათო, მაგრამ მე ასე აღვიქვამ და ამ ფოტოებიდან თითქოს ნიუ-იორკის სუნიც კი მოდის, თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას“.
ფოტოგამოფენა გალერეა Black & White-ში 27 აპრილს გაიხსნა. როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ნიკოლას ბერლინერმა, გვითხრა, გამოფენა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნაწილია, მაგრამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახლა მეტია, ვიდრე მხოლოდ 25 წლის წინ დაწყებული დიპლომატიური კონტაქტი.
„ეს არის ქართველების თვალით დანახული ნიუ-იორკი და ეს არის ძალიან საინტერესო პერსპექტივა - როგორ გამოიყურება ქალაქი სხვა ადგილიდან ჩამოსულებისთვის. რაც შეეხება გამოფენას, ის ჩვენი 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის კონტექსტში მოეწყო, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის კონტექსტში. ჩვენ რამდენიმე ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მე ვფიქრობ, რომ ეს მეტია, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობა - ეს მოიცავს მეგობრობას, პარტნიორობას, რომელიც მთელი ამ 25 წლის განმავლობაში დაგროვდა 2 ქვეყანას შორის და როცა ამ ფოტოებს უყურებთ, ხედავთ კავშირს, რომელიც ადამიანებს შეუძლიათ დაამყარონ“. - ამბობს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე, ნიკოლას ბერლინერი.
5 ქართველი ფოტოგრაფის კამერის ობიექტივში მოხელთებული ნიუ-იორკის ნახვა კი დამთვალიერებელს 1 მაისამდე შეეძლება.